საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმის ახალი დეტალები - ქორეპისკოპოსი იაკობი საეკლესიო სკანდალში ჩართული პირების წრეს აფართოებს. მეუფე იაკობი ყოფილ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილედ ასახელებს. ის იმ საიდუმლო შეხვედრაზე ყვება, რომელიც საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაიმართა. ქორეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე უჩა ნანუაშვილი საქართველოს პატრიარქისგან პატიმრობაში მყოფი მღვდლის შეწყალებას ითხოვდა.
ქორეპისკოპოსი დარწმუნებულია, რომ ყოფილ სახალხო დამცველს არა დეკანოზის უდანაშაულობა, არამედ სხვა საეჭვო ინტერესი ამოძრავებდა. მღვდელმთავარი იაკობი ვარაუდობს, რომ ნანუაშვილს შეთანხმება ჰქონდა გარკვეულ ჯგუფთან, რათა ეს საქმე ევროპაში გაეტანა.
პატრიარქთან შეხვედრას უჩა ნანუაშვილი ადასტურებს და არც იმას უარყოფს, რომ საუბარი პატიმრობაში მყოფი მღვდლის შეწყალებას ეხებოდა, თუმცა ყოფილი სახალხო დამცველის მტკიცებით, ის პატრიარქს მხოლოდ სამართლებრივ რჩევებს აძლევდა.
ნანუაშვილი ამბობს, რომ გაოგნებულია და აინტერესებს, რატომ გაახსენდა მეუფე იაკობს დახურული შეხვედრა ერთი წლის შემდეგ.