პოლიტიკა
მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია ოპოზიციონერ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლისას მისი იმპიჩმენტის დოკუმენტის გაფორმებისკენ მოუწოდებს.
"მივმართავ პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც თავს ოპოზიურ ძალად მიიჩნევენ. დღეს საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა მორიგ პოლიტიკურ კამუფლიაჟად და ჟონგლიორობის ხელოვნებით გამდიდრებულ პოლიტიკურ შოუდ რომ არ დარჩეს, ისევე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, მოგიწოდებთ, მისი თანდასწრებით ხელი მოაწეროთ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის დოკუმენტს, რომელიც შემოტანილი აქვს ლეიბორისტულ პარტიას და მოვთხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა", - ნათქვამია ბესელიას მოძრაობის განცხადებაში.მისივე განმარტებით, ეს იქნება ის ქმედება, რომელსაც მათგან ის ადამიანები მოელიან, რომლებმაც სააკაშვილსა და მის გუნდს 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმა არ მისცეს.
"ეს არის ის დავალებაც, რომელიც თქვენ მოგცათ იმ ამომრჩევლებმა ვინც ითხოვდა სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლას. იმპიჩმენტის საფუძვლები მოხმობილია ხსენებულ დოკუმენტში, დამატებითი არგუმენტების დასაბუთებისთვის კი სრულად იხელმძღვანელეთ სახალხო კრებაზე 25 ნოემბერს ხალხის მიერ მიღებული უნდობლობის ვერდიქტით", – აღნიშნულია განცხადებაში.