პოლიტიკა
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია დამტკიცდა

     საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მომავალშიც გავაგრძელოთ წარმატებული სვლა ევროპისკენ; ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიმუშაოთ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელშიც ევროინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები აისახება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საგზაო რუკა ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მეტ პოლიტიკურ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირის პარტნიორების მხრიდან განიხილება, როგორც ლიდერი ქვეყანა გატარებული რეფორმებით და მინდა, კომისიის ყველა წევრს მოგილოცოთ ეს წარმატება. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საამაყო ის, რომ საქართველო აბსოლუტურად ყველას მიერ აღიარებული ლიდერია განხორციელებული რეფორმებით, მიღწეული შედეგებით. მინდა, თქვენს ყველა თანამშრომელს ჰქონდეს ეს განცდა და ყველას გადასცეთ მადლობა. ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება - მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ფართო ჩართულობით და ყველა უწყების აქტიურობით მიიღწევა, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომლის დევიზია მეტი ინტეგრაცია მეტი შესაძლებლობებისთვის“, შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით, წლის ბოლომდე შემუშავდება. მთავრობის მეთაურმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციაზე ასევე ფართო კონსულტაციები გამართოს მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, ვინაიდან აღნიშნული გეგმა აბსოლუტურად ყველასი, თითოეული მოქალაქის უნდა იყოს.
პრემიერი იმ საზეიმო ღონისძიებებსაც გამოეხმაურა, რომლებიც საქართველოში ევროპის დღეებთან დაკავშირებით იმართება.
„5 მაისს საქართველოში დაიწყო ევროპის დღეების აღნიშვნა. სადღესასწაულო ღონისძიებები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რამდენიმე დღეს გასტანს. ევროკავშირი დღეს მთელ მსოფლიოში მშვიდობასთან, ერთიანობასთან, წარმატებულ განვითარებასთან ასოცირდება და სასიხარულოა, რომ საქართველოში ევროპის დღეების აღნიშვნა უკვე კარგ ტრადიციად იქცა. ყოველწლიურად მოსახლეობის სულ უფრო მეტი ჩართულობაა, რაც ძალიან სასიხარულოა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია 2017 წელს ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების თაობაზე. კომისიის წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები.
ასევე, სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
პრემიერის შეფასებით, შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.
გასაგებია ის ვნებათაღელვაც, რომელიც მოსახლეობაშია ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რასაც ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ჰქვია. ამიტომ ჩვენ მივესალმებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის ერთობლივ აქტიურ ქმედებებს, რომლებიც პასუხობს ამ გამოწვევებს, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა, რაც ვფიქრობთ, არა მხოლოდ მატერიალური მონაპოვარია ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, არამედ ეს არის პოლიტიკური მონაპოვარი მთელი ქვეყნისთვის. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატული ნდობა, რაც აუცილებლად გასაფრთხილებელი და შესანარჩუნებელია“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
სხდომის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.