უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - ერევანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს განავითარებს ევროკავშირთან, აშშ-სთან, ირანთან, საქართველოსთან და ჩინეთთან

     საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. სომხეთი დარჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ წევრად, ამასთან, ერევანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს განავითარებს ევროკავშირთან, აშშ-სთან, ირანთან, საქართველოსთან და ჩინეთთან, – ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრად არჩევამდე სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფაშინიანმა გამოსვლისას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკადრო წმენდა მოსალოდნელი არ არის.
„ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ საკადრო წმენდას არ მოვაწყობთ. მთავრობაში მომუშავე პროფესიონალების ძალისხმევის იმედი გვაქვს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა მათ პოლიტიკურ შეხედულებებს და პარტიულ კუთვნილებას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია“.
„სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან ჩვენს პრიორიტეტად დარჩება. ჩვენი ურთიერთობები უნდა დაეფუძნოს მეგობრობასა და თანაბარუფლებიანობას. რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრად ფრაქცია „ელქის“ თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი დღეს აირჩიეს. ფაშინიანის კანდიდატურას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 42 წინააღმდეგი იყო. მან მინისტრთა ახალი კაბინეტი 15 დღეში უნდა წარადგინოს.

1tv.ge