დღეს პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბაკურ კვეზერელს ელოდებიან.
მინისტრი საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა დაბარებული.
კვეზერელი დეპუტატებს ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი განცხადებები, ხშირ შემთხვევაში, რეალობას არ შეესაბამება. საკითხავია, რამდენად ზუსტ ინფორმაციას ფლობს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ბატონი მინისტრი? სულ ცოტა ხნის წინათ კვეზერელმა განაცხადა, რომ საქართველოში 3 თვის ხორბლის მარაგი არსებობდა და პური არ გაძვირდებოდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი მეპურეების ერთმა ნაწილმა პური 10 თეთრით გააძვირა, მეორე ნაწილმა კი პურის წონა შეამცირა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაძვირებით ახსნეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მინისტრის სიტყვა ( ქვეყანაში ხორბლის მარაგი არსებობს) სარწმუნო უნდა იყოს, გამოდის რომ მეპურეებმა პროდუქცია ხელოვნურად გააძვირეს. ვინ ცრუობს: ხელისუფლება თუ იმპორტიორები? მტყუან-მართლის გარკვევა მოსახლეობას დიეტურ რეჟიმში მოუწევს, რადგან ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ის ზარალდება.