ოპოზიცია პრეზიდენტთან შესახვედრად უკვე მზადაა. დევნილები, ვეტერანები, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, სოციალური პრობლემები და ქვეყნის ეკონომიკაში განვითარებული მძიმე მოვლენები - ეს ის პრობლემებია, რომლებზეც საპარლამენტო ოპოზიცია დღევანდელი დებატების დროს გაამახვილებს ყურადღებას.
ოპოზიციონერი დეპუტატი გია თორთლაძე პრეზიდენტის წინაშე სოციალურ საკითხებზე, დევნილებსა და სოფლის მეურნეობაში შექმნილ პრობლემებზე საუბარს აპირებს და ამავე დროს ყურადღებას ვეტერანებზე გაამახვილებს.დიმიტრი ლორთქიფანიძე, დევნილების გარდა, სასამართლო სისტემაში შექმნილ პრობლემებსა და ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრებს. დეპუტატი დაინტერესდება, რატომ არ განიხილება პარლამენტში ანტინარკოტიკული პაკეტი, რომელიც, რამდენიმე წელია, ინიცირებულია.
ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას გამოსვლის ძირითადი თემა დევნილები და მათი გამოსახლების პროცესი იქნება, ამასთან, დავითაია ყურადღებას ქვეყნის უსაფრთხოებაზეც გაამახვილებს.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან "ისე წასვლას ურჩევს, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლება მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალოს".
"ეროვნულ-დემოკრატი" გურამ ჩახვაძე აქცენტს გააკეთებს სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებზე, საპენსიო და სადაზღვევო სისტემაში შექმნილ პრობლემებზე.
"ქრისტიან-დემოკრატები" კი საკუთარ გამოსვლებში ყურადღებას , როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასა და შიდა პოლიტიკური პროცესებზე გაამახვილებენ. ასევე, ისაუბრებენ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებსა და მის ცალკეულ დარგებზე, იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც ქვეყნის ეკონომიკა "უკუღმართულად ვითარდება".
პრეზიდენტი პარლამენტში 18:00 საათისთვის მივა. მოხსენების შემდეგ დებატები გაიმართება.
ოპოზიციიდან სიტყვით გამოვლენ დეპუტატები გია თორთლაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ჩახვაძე, გია ცაგარეიშვილი, ჯონდი ბაღათურია, გიორგი თარგამაძე, პაატა დავითაია, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი.