საქართველო, 7 მაისი, საქართველო. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის” აღმასრულებელ დირექტორს, რევაზ ჯორბენაძეს და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, კარდიოლოგ ბონდო მაკარაძეს, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის აპრილში გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, ვეტერანებისთვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კლინიკა უწყების ბენეფიციარებს – ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, მიზნობრივი ჯგუფიდან შერჩეულ კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს, საკუთარ ბაზაზე შესთავაზებს უფასო სამედიცინო მომსახურებას (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა).
ერთი წლის განმავლობაში მემორანდუმის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მომსახურება გაეწია 2000- ზე მეტ ვეტერანს და მათი ოჯახის წევრს.