პუბლიკაციები
„მემარცხენე ალიანსის“ პროტესტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

     საქართველო, 7 მაისი, საქართველო. პარტია "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები გამოხატავენ თავიანთ კრიტიკულ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ, რომელმაც ქართული მარშის წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უცვლელი დატოვა.

„დღეს საქალაქო სასამართლომ მიიღო პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება და „ქართული მარშის“ ექვსი წევრი კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, ვინაიდან ეს ხალხი, „რუსთავი 2“-ის წინ ჩატარებულ აქციაზე აპროტესტებდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ წარმოთქმულ შეურაცხმყოფელ სიტყვებს. ეს სიტყვები შეურაცხმყოფელი იყო როგორც იმ აქციაში მონაწილე ხალხისთვის, ასევე მართლმადიდებლური მრწამსის მატარებელი თითოეული ადამიანისთვის. მშვიდობიანი აქციის მსვლელობისას მონაწილეები დააკავეს და შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიება.

დღეს, ადვოკატების მოთხოვნას, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, სასამართლომ გადაწყვეტილებით უარი უპასუხა. „მემარცხენე ალიანსი“ აკრიტიკებს ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან თვლის, რომ „გირჩის“ მიერ ჩატარებული ე.წ. პოლიტიკური აქციები ყველა პროვოკაციული ხასიათისაა, სადაც ძალოვნებზე არის პირდაპირი თავდასხმები, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, თუმცა მათი პარტიის წევრებს პრაქტიკულად არც ეხებიან, ხოლო „ქართული მარშის“ წევრები, რომლებიც თავიანთ მრწამსს იცავდნენ, ასე მკაცრად დასაჯა სასამართლომ და დატოვა პატიმრობაში.

ასევე თუ გავიხსენებთ შარშანდელ ბათუმის მოვლენებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რევოლუციისა და არეულობისაკენ მოწოდებებს ჰქონდა ადგილი, პირდაპირი დარტყმა იყო სახელმწიფოებრიობაზე, იყო მცდელობა, რომ დაწყებულიყო სამოქალაქო დაპირისპირება (განცხადებები კეთდებოდა პარტიის ლიდერების მიერ), მათ ამის გამო პრაქტიკულად არავინ შეხებია. ეს ახალგაზრდა ბიჭები კი ციხეში სხედან, იმის გამო, რომ თავინთ მრწამსს იცავდნენ ისევ და ისევ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაპროტესტებთ ამ გადაწყვეტილებას.

ეს იმის ბრალია, რომ ჯერ კიდევ არიან სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მხარდამჭერები, მოსამართლეები, სასამართლო რეფორმა პრაქტიკულად ჯერ არც დაწყებულა, განსხვავებით სხვა რეფორმებისგან.

მოვუწოდებთ სასამართლოს იყოს სამართლიანი, მიიღოს კეთილსამართლებრივი და შინაგან რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რაც ამ ბიჭების პატიმრობიდან განთავისუფლებას ითვალისწინებს” - ნათქვამია "მემარცხენე ალიანსის" განცხადებაში.