სამართალი
ახირებულმა მარგველაშვილმა განზრახ მოაწყო პარლამენტში დემარში, რათა დეპუტატების მწვავე შეკითხვებზე არ ეპასუხა - საქინფორმი

     საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. პარლამენტარიზმის ისტორიაში უპრეცედენტო სკანდალი მოხდა საქართველოს პარლამენტში 2018 წლის 2 მაისს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ.
ეს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ბოლო გამოსვლა იყო, რადგან ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც მას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. მარგველაშვილის - რომელსაც ხალხში რას აღარ ეძახიან: ვერიტას პლასტილინოვიჩი, კარალევა მარგო, მთავარსარდელი, დონ მარგველი და ა.შ. - გამოსვლა ცუდი იყო მის ყველა ადრინდელ გამოსვლასთან შედარებითაც კი, რომელთა აზრი და შინაარსი დღეს საქართველოში აღარავის ახსოვს.
ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის უმწეო სიტყვამ კრიტიკა გამოიწვია როგორც სხდომაზე დამსწრე მინისტრთა კაბინეტის წევრების, ისე პარლამენტის წევრების მხრიდან, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში მარგველაშვილისთვის მწვავე შეკითხვების დასმა დაიწყეს. საქართველოს განსვენებული პრემიერის ზურაბ ჟვანიას ამხანაგი და თანამოაზრე მარგველაშვილი საგრძნობლად აღელდა და გაწითლდა, იმიტომ რომ ამ შეკითხვებზე ლოგიკურად და გასაგებად პასუხის გაცემას ვერ შეძლებდა. ის პარლამენტის პრეზიდიუმს მოწყდა და ჯერ თავის მრჩევლებთან მივარდა, მათთან მოლაპარაკების შემდეგ კი ორიგინალური დემარში მოაწყო - „განაწყენებულმა“ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.
ამას წინ უძღოდა პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხმამაღალი კამათი, რომელსაც მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. გიორგი მარგველაშვილმა მოითხოვა, მისთვის შესაძლებლობა მიეცათ, პარლამენტის ტრიბუნაზე გამოსული დეპუტატების კრიტიკაზე მაშინვე ეპასუხა - თითოეულისთვის ცალ-ცალკე. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია, ყველა შეკითხვას მხოლოდ ბოლოს უპასუხოს, თავის დასკვნით სიტყვაში - „როგორც ყოველთვის იყო, ჯერ კიდევ თქვენი მეგობრის ზურაბ ჟვანიას დროიდან, ბატონო პრეზიდენტო“.
ამაზე გიორგი მარგველაშვილი გაცხარდა: „ნუ მასწავლით, როგორ მოვიქცე! დასკვნით სიტყვაში ვიტყვი თუ შუაში, ჩემი გადასაწყვეტია! შეიძლება, დასკვნითი სიტყვა საერთოდ არ ვთქვა და შევიდე დებატებში დეპუტატებთან! გააკეთეთ ისეთი ცვლილება, რომ შემეძლოს დებატებში შესვლა, დროს გაძლევთ და ამისათვის დარბაზიდან გავდივარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მივიღებ მონაწილეობას ისეთ სხდომაში, სადაც დებატებში მონაწილეობის და პატივცემული დეპუტატებისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა წამართვეს!“.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი, უნდა მომხდარიყო თუ არა რეგლამენტიდან გადახვევა და პრეზიდენტის შეთავაზების მიღება. პრეზიდენტის ინიციატივას მხოლოდ 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 50 წინააღმდეგი წავიდა (სულ სესიის მუშაობაში 2 მაისს დეპუტატების ორი მესამედი - 100 პარლამენტარი მონაწილეობდა). კენჭისყრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზს. მაგრამ ასე არ მოხდა - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა და თბილისისკენ გაეშურა. მასზე ადრე ქუთაისიდან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები წამოვიდნენ.
პარლამენტის შენობიდან წამოსვლამდე გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტისთვის განკუთვნილ კაბინეტში იმყოფებოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა: გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი, რასაც მივესალმე და ამის თაობაზე იყო დაანონსებული არაერთხელ. ბუნებრივია, რომ პატივს ვცემ და მსურს, დეპუტატებთან მქონდეს საუბრის და დებატების შესაძლებლობა. პარლამენტი კითხვებზე პასუხის გაცემას მიკრძალავს, ამის შინაარსს ვერ ვხედავ. შემიძლია, ტელევიზორში ვუყურო სხდომას. ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას, დებატების ფორმატში შევიდე დეპუტატებთან. რეგლამენტში არსად არ წერია, რომ პასუხის გაცემის უფლება პრეზიდენტს არ ჰქონდეს. მინდოდა, ინტენსიური დისკუსია მქონოდა. როგორც ჩანს, პასუხების მოსმენა მძიმე და რთული აღმოჩნდა. ყურადღებით მივადევნებ თვალს დეპუტატების გამოსვლებს და შემდეგ, ბუნებრივია, ვეცდები, საზოგადოებას ვუპასუხო“.