სამართალი
მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და იღებს თბილისის მთავრობა - კახი კალაძე

     საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეებში და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას. კახი კალაძე მეტროს მემანქანეების მიერ ორგანიზებულ გაფიცვის ღონისძიებას თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.
არაერთი შეხვედრა შედგა მერიაში, დედაქალაქის მთავრობასთან, სადაც ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ ის რეალობა და ეკონომიკური ვითარება, რაც დღეს მუნიციპალიტეტში არსებობს და ძალიან კარგად იქნა ახსნილი, რომ შეუძლებელია იმის დაკმაყოფილება, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ.
ჩემთვის, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის შრომა, რასაც ეს ადამიანები ეწევიან, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმიანობა.
ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამის შედეგად როგორც მოქალაქეების, ასევე, მუნიციპალიტეტის სისტემაში დასაქმებული მოსამსახურეების შრომითი პირობების გაუმჯობესება. მე არასოდეს მივუდგები ინდივიდუალურად თანამშრომელთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს და არ მივიღებ მხოლოდ მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ვერ და არ მოხდება. ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაითვალისწინებს მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებულ თანამშრომლებს და ქალაქის მოსახლეობას. პატივს ვცემ თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმიანობაა ის, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ ქალაქისთვის და ემსახურებიან დედაქალაქის მოსახლეობას. ჯერ კიდევ არ მქონდა ოფიციალურად მუშაობა დაწყებული, როდესაც მივედი სატრანსპორტო კომპანიაში და ამით დავუდასტურე პატივისცემა და კარგად მაქვს გაცნობიერებული და გააზრებული ამ ადამიანების შრომა. თუმცა ის დამოკიდებულება, ის მიდგომები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ, სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, სრულებით მიუღებელია ისიც, რომ ეს ადამიანები და კონკრეტული პროფესიული კავშირის წევრები ლაპარაკობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მხოლოდ მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას.
ამ ადამიანებს შეუძლიათ, ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ ჩვენდედაქალაქის მთავრობა და მინდა, მკაფიოდ განვუცხადო ყველას, თქვენც, ვინც გაფიცვას აპირებთ და დაანონსებული გაქვთ და ასევე დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეებში და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.