აქტუალური
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი იშლება

farmakoqimiaსაქინფორმის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აუქციონის წესით გაყიდვას ამჯერად ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის შენობას უპირებს.

აღსანიშნავია, რომ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი ერთადერთი კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც ფარმაციაში მუშაობს და ადგილობრივი სამკურნალო მცენარეების ბაზაზე საკუთარ პრეპარატებსაც აწარმოებს.

როგორც ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, დაწესებულება სახელმწიფოს ყოველწლიურად საკმაო მოგებასაც კი აძლევს, თუმცა ახლა ეკონომიკის სამინისტრო აპირებს, ინსტიტუტის შენობა და მიწები გაყიდოს, იქ დასაქმებული ადამიანები კი „სადღაც, ერთ სართულზე შერეკოს“.

„ადგილობრივ წარმოებას უკვე წერტილი დაესმება, რადგან ახალ ადგილზე ქარხნის აშენების თანხას მაგათ არავინ მისცემს. არადა, უშემოსავლოდ ინსტიტუტი რომ დაიშლება და ქართული ფარმაციის ერთადერთი კერაც რომ გაცამტვერდება, ცხადია. ერთი წელია, ამას ვუხსნით ეკონომიკის სამინისტროს და ვერაფერი გავაგებინეთ, უნდა გაგყიდოთო“, – აცხადებენ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლები.

საქინფორმი ინფორმაციის გადასამოწმებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შენობის გაყიდვა იგეგმება, ის სამინისტროს საპრივატიზაციო ნუსხაში იქნება, რომელიც შესაბამის ვებგვერდზეა განთავსებული. თუმც, აღნიშნულ ვებგვერდზე არსებულ მონაცემებში ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის შენობა ჯერჯერობით არ არის შეტანილი.