პოლიტიკა
რუსეთის მიმართ განსაზღვრული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სწორი და ადეკვატურია - პრეზიდენტი მარგველაშვილი

     საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. აღიარების პოლიტიკა რუსეთს, ფაქტობრივად, ჩაუვარდა და მსოფლიო თანამეგობრობამ ნათლად შეაქცია ზურგი იმ უსამართლობას, რომლის გატანასა და გაყიდვასაც რუსეთი ცდილობდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მცდელობით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას, საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
როდესაც ვახასიათებთ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებას, ბუნებრივია, მთავარ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღებარუსეთის ფედერაციას. ამ მიმართულებით, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენი დიპლომატია ნამდვილად წარმატებულია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოს აქვს პოზიტიური დინამიკა გაერო-ში, ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციის თვალსაზრისით. რუსეთის მიმართ საქართველოს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა კი სწორია.
მთლიანობაში, მსურს ვთქვა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრული იყო და არის რუსეთის მიმართ და რომელიც მდგომარეობს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში, სწორი და ადეკვატურია, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანიაარ წამოვეგოთ პროვოკაციას და რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც ამ ეტაპზე საკუთარი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება, არ მივცეთ შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, გამოაჩინოს ძალა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი შეფასებით, აღნიშნული კიდევ უფრო აქტუალურია იმ ახალ ფაზაში, რომელშიც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო შედის რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
„2018 წელი, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან იყო განსაზღვრული, როგორც ცივი ომის იმიტაციის, ცივი ომის შექმნის მცდელობა. ცივი ომის სპეციფიკა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მესამე ქვეყნებში, რომლებიც დაცულნი არ არიან ბოლომდე, და საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი, ამ ქვეყნებში, ასე ვთქვათ, იარაღის ჟღარუნის პოლიტიკა განახორციელოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის განცხადებით, დღეს განსაკუთრებით საჭიროა სიფხიზლე.
ამიტომ ჩვენ დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ამ მიმართულებით ფხიზლად ყოფნა და მიმაჩნია, რომ სწორია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, მაგრამ ამ ახალ ფაზაში, ჩემი აზრით, კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს მოტივაცია ჩვენი ყველას გაერთიანების, პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც ჩვენი სამშობლოს მთლიანობის, ერთიანობის დაცვა ჰქვია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ამ ფონზე საქართველოში უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება გააკრიტიკა.