სამართალი
თბილისში პატრული აღჭურვილი იქნება ახალი სამხრე კამერებით, რომელთა ჩანაწერიც პარალელურად ცენტრალურ სერვერზე აიტვირთება

     საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრის გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს აბსოლუტურად ყველანაირ კითხვის ნიშანს გამორიცხავს, რაც წარსულში გარკვეულწილად სპეკულაციის საგანი იყო.
ძალიან მახარებს, რომ შსს-ში რეფორმები წარმატებულად მიმდინარეობს. დღეს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ახალი მომსახურების ცენტრი გავხსენით, სადაც მოქალაქეები აბსოლუტურად ყველა საპატრულო მომსახურებას მიიღებენ. დაახლოებით 500-მდე მოქალაქე შეძლებს დღის განმავლობაში აქ მომსახურების მიღებას. ეს ცენტრი ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და მომზადებულია იმისთვის, რომ მოქალაქეებს კომპლექსური მომსახურებები გაუწიოს, რაც პოლიციასა და კერძოდ, საპატრულო პოლიციას ეხება.
ასევე ძალიან კარგია, რომ დღეიდან თბილისის პატრული იქნება აღჭურვილი ახალი სამხრე კამერებით, რომლებსაც გაცილებით ფართო და მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 საათის რეჟიმში შეუძლია უწყვეტი ჩაწერა და ასევე ეს მონაცემები ამ კამერების დატვირთვის დროს პარალელურად იტვირთება ცენტრალურ სერვერზე, რაც აბსოლუტურად ყველანაირი კითხვის ნიშნის გამორიცხვის საშუალებას იძლევა, რაც წარსულში გარკვეულწილად კითხვის ნიშნების თუ სპეკულაციის საგანი იყო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, პოლიციელების პირობები, როგორც სახელფასო, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება.
ჩვენი მოქალაქეების მომსახურება და უსაფრთხოება უმაღლესი პრიორიტეტია. ის სტანდარტები, რომელიც თქვენ ამ მომსახურების ცენტრში იხილეთ, მათ შორის, სამხრე კამერები, მსოფლიოში საუკეთესო სტანდარტია და დარწმუნებული ვარ, ეს ცენტრი ჩვენ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, თუ ყველაზე საუკეთესო არა. პოლიციელების პირობები, როგორც სახელფასო, ასევე საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება. მინდა ვთქვა ვიცე-პრემიერის სასარგებლოდ თუ არ ვიცი, საამაყოდ, რომ მე მქონდა სულ რამდენიმე დღის წინ მასთან საუბარი და ის ძალიან მკაფიოდ იცავს პოლიციელების ინტერესებს.
ჩვენ ასევე ფინანსთა მინისტრთან საუბარი გვქონდა და მომავალში უნდა ველოდით, რომ, რა თქმა უნდა, თანდათანობით, მაგრამ სახელმწიფო გაცილებით მეტს გააკეთებს იმისთვის, რომ პოლიციელი, რომელიც სიცოცხლეს რისკავს, რომელსაც დანაშაულთან ბრძოლა უშუალოდ უწევს, გაცილებით მშვიდად იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი საცხოვრებელი პირობები უზრუნველყოფილი იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.