სამართალი
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე გაათავისუფლეს.

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება.
მათივე ცნობით, საქართველოს ელჩმა მოინახულა დაკავებული ქართველი მეზღვაურები და შეხვედრებს მართავს ლიბიის საგარეო უწყებასთან.
ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ სოსლან კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში ეკიპაჟი, რომელშიც კაკაბაძე იმყოფებოდა, ლიბიაში დააკავეს. როგორც კაკაბაძის ოჯახის წევრები ამბობდნენ, ბრალდება არალეგალური ნავთობის გადატანის მცდელობაა.
ლიბიის ციხეში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე რჩება. მათი სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის არის დანიშნული.