საზოგადოება
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში ცვლილებები იქნება, პარტიის ყრილობა მაისში გაიმართება, ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს - კახი კალაძე

     საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. დედაქალაქის მერის კახი კალაძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოში ცვლილებები იქნება, თუმცა იგი მომავალშიც გენერალური მდივნის თანამდებობას შეინარჩუნებს.
პოლიტსაბჭოში ცვლილებების შესახებ, რა რაოდენობა დარჩება, ვინ იქნება, ამას უახლოეს მომავალში გაიგებთ. მე დავრჩები გენერალური მდივნის თანამდებობაზე. რაც შეეხება ყრილობას, მაისის დასაწყისში გაიმართება“, - განაცხადა კალაძემ
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გასულ ხუთშაბათს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა და კვლავ მის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა.
კითხვაზე, დაასახელებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, კალაძემ უარყოფითად უპასუხა.
ეს არ არის სწორი ინფორმაცია და სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგადად, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო კანდიდატებზე, თუმცა ბიძინა ივანიშვილზე საუბარი არ ყოფილა”, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს შორის დაპირისპირებას, კახი კალაძის ინფორმაციით, გუნდში განხეთქილება არ არის და არც კრიზისი არსებობს.
უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, ეს ნორმალურია. რაღაც კონკრეტულ საკითხზე გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთისთვის ცუდი და კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთ ადამიანს ყველაფერი საკუთარ თავზე ჰქონდა მორგებული. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც ინსტიტუტები უნდა გავაძლიეროთ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, ბევრია სამუშაო და ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ”, – განაცხადა კახი კალაძემ.