აქტუალური
2017-2018 წლებში საქართველოს სამთო კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობა 25 პროცენტით გაიზარდა

     საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2017/2018 წლის სამთო სათხილამურო სეზონი დაასრულა.
2016-2017 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით 2017-2018 წლებში ვიზიტორების რაოდენობა 25 პროცენტით არის გაზრდილი. კურორტ გუდაურში 2017/2018 წლებში 345997 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია. რაც შეეხება ბაკურიანს, 2017-2018 წლების სეზონის მაჩვენებლებით, 2016- 2017 წლებთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობამ 15 პროცენტით მოიმატა. კურორტს 2017/2018 წლის სეზონზე 132704 ვიზიტორი ეწვია.
მაღალმთიან აჭარაში კურორტი გოდერძი მესამე წელია, მასპინძლობს დამსვენებლებს. 2017/2018 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის თანახმად, გასულ წელთან შედარებით წელს ვიზიტორების რაოდენობა 129 პროცენტითაა გაზრდილი. მიმდინარე სეზონზე კურორტ გოდერძიზე 10283 ვიზიტორმა დაისვენა. სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2017/2018 წლის სათხილამურო სეზონზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა - 122 პროცენტით, ხოლო ჰაწვალზე 119 პროცენტით არის გაზრდილი. თეთნულდსა და ჰაწვალს ჯამში 35890 ვიზიტორი ეწვია. სვანეთში 2017 წელს უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. ამოქმედდა მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო, რომელმაც მესტიის ცენტრი კურორტ ჰაწვალთან​ დააკავშირა. საბაგირო ექსპლუატაციაში 2017 წლის 23 დეკემბერს შევიდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვიზიტორების რაოდენობა.