უცხოეთი
„გაიქეცი, ნიკოლ! გაიქეცი!“ - ნიკოლ ფაშინიანი ერევანი-თბილისის გზაზე მდებარე იჯევანიდან

     საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი

სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველ პრესკონფერენციაზე, ტრადიციულად სამხედრო ფორმის ფერის მაისურით, შავი კეპით და ზურგჩანთით მივიდა. ქუდზე სომხურ ენაზე წარწერით “შემართებით ბრძოლისკენ” მომხრეებს მოუწოდებს.
ზურგჩანთა არასდროს ავიწყდება. დღის განმავლობაში რამდენიმე მსვლელობას აწყობს და მხარდამჭერებთან ერთად ასობით კილომეტრს გადის. ამბობს, რომ გზადაგზა მომხრეებს უკეთესად აგროვებს. “მოსიარულე მიტინგების” გამო, მედია მას ტომ ჰენკსის კინოგმირს ფორესტ გამპს ადარებს.
მისთვის მისაბაძი პოლიტიკოსი ნელსონ მანდელაა. ამბობს, რომ საკუთარ თავს სწორედ აპარტეიდთან ბრძოლის სიმბოლოსთან აიგივებს.
ნიკოლ ფაშინიანი ორი კვირის წინ მცირერიცხოვანი ოპოზიციური ფრაქციის ერთ-ერთი რიგითი წევრი იყო. “რესპუბლიკურ პარტიას” სომხეთის პარლამენტში უმრავლესობაც ჰყავდა და სხვა პარტიების მხარდაჭერითაც სარგებლობდა. სერჟ სარგსიანის გადადგომას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა დღეს ეს უკვე რეალობაა. მეტიც, ფაშინიანი გაჩერებას არ აპირებს და მთელი “რესპუბლიკური პარტიის” ისტორიის სანაგვეზე გასტუმრება სურს.
ფრაქცია “ელქმა” ნიკოლ ფაშინიანი პრემიერის პოსტზე უკვე წარადგინა. სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუციის” შემოქმედი უკვე წლებია ბარიკადებზე დგას. მას ოპოზიციის ლიდერად ჩამოყალიბებისთვის 12 წელი დასჭირდა. თუმცა, როგორც თავად აღიარებს “რევოლუციის” მიზნების შესრულებამდე ჯერ შორია.

ფაშინიანი – გამოცდილი მეამბოხე

ნიკოლ ფაშინიანი ერევანი-თბილისის გზაზე მდებარე ქალაქ იჯევანშია დაბადებული. პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა სრული უმაღლესი განათლება არ აქვს. მეოთხე კურსზე პოლიტიკური საქმიანობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს.
1993 წლიდან ფაშინიანი სხვადასხვა გაზეთებში კორესპონდენტად მუშაობდა. მოგვიანებით კი საკუთარი გამოცემის რედაქტორი გახდა. 1999 წელს ფაშინიანის გაზეთი პარლამენტარის შესახებ ცილისწამების გავრცელების გამო დახურეს.
42 წლის პოლიტიკოსს შეგნებული ცხოვრების ნახევარზე მეტი ბარიკადებზე, იატაკქვეშეთში ან პატიმრობაში აქვს გატარებული. ფაშინიანი მხარს არაძალადობრივ პროტესტს უჭერს.
2007 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან მჯდომარე გაფიცვა დაიწყო. ორი წლის შემდეგ, 2009 წელს კი თავად ჩაბარდა პოლიციას და ორი წელი ციხეში გაატარა. მას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი მასობრივი აქციების და არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი, რასაც ოპოზიციონერი უარყოფს. ამ დროს აქციებზე რვა ადამიანი დაიღუპა.
ამ არჩევნებში სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,8%-ი მიიღო. როგორც სარგსიანის გადადგომის შემდეგ ფაშინიანმა განაცხადა, ის პოლიტიკურ შურისძიებას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ 2008 წლის მიტინგებზე დაღუპულთა საქმის გამოძიება აუცილებლად დასრულდება.

მთავარი მეტოქე და პოლიტიკური წარსული

ფაშინიანის მთავარი პოლიტიკური მეტოქე მუდამ სერჟ სარგსიანი იყო. თუმცა, ის ყოველთვის სხვა ოპოზიციონერებთან ერთად ებრძოდა მას. “ხავერდოვანი რევოლუციის” დროს კი ფაშინიანი სარგსიანს პირისპირ დაუპირისპირდა და 10 დღეში დაამარცხა.
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მოკავშირე იყო და 2007 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკ “იმპიჩმენტს” უჭერდა მხარს. საპროტესტო აქციებზე ფაშინიანი ბუნებრივად გამოიყურება, რასაც ვერ იტყვით პარლამენტის ტრიბუნასა და კაბინეტზე. ასეთ ამპლუაში იგი ძნელად წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, ფაშინიანის თქმით, თუ ხალხი ისურვებს, მზად არის, სომხეთის მომავალი პრემიერი გახდეს.

„ხავერდოვანი რევოლუციის” გეგმა

“ჩვენი მთავარი მიზანი იმ ნეგატიური განწყობისა და ატმოსფეროს შეცვლაა, რომელიც სომხეთში უკვე წლებია არსებობს. ჩვენი გეგმა 4- პუნქტიანია: გადადგეს პრემიერ-მინისტრი, აირჩიონ მთავრობის მეთაურად ოპოზიციის კანდიდატი, შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი და ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“, – ამბობს ფრაქცია “ელქის” წევრი.
მართალია, ფაშინიანი საპროტესტო აქციებს ხშირად აწყობს, მაგრამ ის არც პოლიტიკურ კარიერაზე ამბობს უარს. 2012 წლის ამნისტიით ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მან პარლამენტში იყარა კენჭი და გაიმარჯვა. 4 წლის შემდეგ ის დეპუტატად ხელახლა აირჩიეს. ამის შემდეგ ფაშინიანი ერევნის მერის არჩევნებში ჩაერთო, თუმცა 21%-ით მეორე ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო არჩევნების დროს ბლოკმა, რომელშიც ფაშინიანის პარტიაც იყო გაერთიანებული, მოქალაქეთა მხოლოდ 8%-ის მხარდამჭერა მიიღო. “ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერი ლიბერალური ფრთის წარმომადგენელია, რომელიც ევროპასთან დაახლოებას ემხრობა. თავის დროზე ის აცხადებდა, რომ სომხეთს “ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში” გაწევრიანება აიძულეს.
ფაშინიანი ხშირად იმეორებს, რომ “ხავერდოვანი რევოლუცია” სომხეთში ახალგაზრდებმა მოაწყვეს და გამარჯვებას მათ ვერავინ წაართმევს.
სომხეთის მმართველი პარტიის მიერ წლების განმავლობაში აშენებული პოლიტიკური სისტემის შეცვლა იოლი საქმე არ არის. მომდევნო დღეები სომხეთში ისტორიული იქნება.
ასე, რომ, ცნობილი ფრაზა კინოფილმიდან “ფორესტ გამპი” ჯერ აქტუალობას არ კარგავს – „გაიქეცი, ნიკოლ! გაიქეცი!“ (Run, Nikol! Run)

1tv.ge