სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

       საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დანიშნა.
ვლადიმერ ბორცვაძე 2006-2018 წლებში საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
2016-2018 წლებში იგი საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ვლადიმერ ბორცვაძე 2013 წლიდან 2016 წლამდე ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012-2013 წლებში იგი ხაშურის რაიონული პროკურორი იყო, ხოლო 2009-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. 2007-2009 წლებში იგი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2006 წლიდან 2007 წლამდე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო.