რუსი დიპლომატების გაძევება, კოალიციის მიერ სირიაში განხორციელებული სარაკეტო დარტყმების მოწონება - და რუსეთში ექსპორტისა და რუსი ტურისტების „იმპორტის“ ხარჯზე ცხოვრება დიდხანს არ გამოვა! - არნო ხიდირბეგიშვილი
რედაქტორისგან
რუსი დიპლომატების გაძევება, კოალიციის მიერ სირიაში განხორციელებული სარაკეტო დარტყმების მოწონება - და რუსეთში ექსპორტისა და რუსი ტურისტების „იმპორტის“ ხარჯზე ცხოვრება დიდხანს არ გამოვა! - არნო ხიდირბეგიშვილი

     საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ინტერვიუდან საინფორმაციო სააგენტო PenzaNews-ს

- საქართველოში „ნატოს დღეები“ მიმდინარეობს. რა შეგიძლიათ თქვათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის წარმატებების შესახებ?

-
„ნატოს პარტნიორობა წევრობას არ ნიშნავს. ერთ მშვენიერ დღეს საქართველო ნატოს წევრი გახდება, მანამდე კი თანამშრომლობის გაღრმავებაა საჭირო“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ 23 აპრილს ბათუმში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ გამოსვლისას.
ეს ციტატა ზუსტად აფიქსირებს საქართველოს სტატუს-კვოს ნატოში: სწავლებები Agile Spirit და Noble Partner; ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი JTEC ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე; შესყიდული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები Javelin და ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემები; თავდაცვის ხარჯები, რომლებიც ნატოს მოთხოვნებს მშპ-ს 2% აღემატება (გაჭირვებულ საქართველოში ეს 66 მილიონი დოლარია, საიდანაც 20% შეიარაღებაზე მიდის); ავღანეთში ნატოს მისიაში Resolute Support Mission მონაწილეობა ალიანსის არაწევრი კონტრიბუტორებისათვის ყველაზე დიდი კონტინგენტით 900 სამხედრო მოსამსახურის ოდენობით; ევროკავშირის ოპერატიული რეაგირების ძალების შემადგენლობაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში; წამყვანი როლი ნატოს ახალ პროექტში - შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების დოქტრინაში, თუმცა საქართველოს ფლოტი არ ჰყავს, მაგრამ აქვს ორი პორტი - ბათუმი, ფოთი, და მშენებარე ღრმაწყლოვანი ანაკლია - აი, არასრული ჩამონათვალი, რომელიც მოწმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად და უსიტყვოდ ასრულებს ნატოს 2014 წლის უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (Substantial NATO-Georgia Package-SNGP) გათვალისწინებულ ყველა მითითებას.

ამიტომ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება გასულ პარასკევს, 27 აპრილს ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებათა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლებისთვის „ცივი შხაპი“ აღმოჩნდა: „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი არ გახლავთ. თავდაპირველად საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების შესახებ ნატოს წევრი ქვეყნების კონსენსუსური გადაწყვეტილება უნდა შედგეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა: „საქართველოს ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი აქვს, რომ ნატოში თავისი შესვლა მოამზადოს, მაგრამ ეს მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნების შესრულების შემდეგ მოხდება. საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია,, რათა დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები, განამტკიცოს კანონის უზენაესობის დაცვა, უზრუნველყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, ებრძოლოს კორუფციას. ნატოს სამიტზე ბრიუსელში 11-12 ივლისს აღნიშნული იქნება საქართველოს პროგრესი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, მაგრამ კონკრეტულად რა ფორმით გამოიხატება ეს - ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის... ალიანსი მადლობას უხდის თქვენს ქვეყანას ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

იმედდაკარგულმა საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას სახით თავიანთ გამოსვლებში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე ბათუმში ალიანსს მოუწოდეს, „თავი არ აარიდოს გაფართოებას, საშინაო პრობლემების მიუხედავად“, ანუ - რუსეთისა არ შეეშინდეს და საქართველო ნატოში მიიღოს. რეალურად ხომ ნატოს საქართველოს მიღებაზე უარის თქმის არანაირი სხვა მიზეზი არ აქვს, რუსეთის საპასუხო რეაქციის შიშის გარდა, რომელსაც საქართველოსთან 900 კმ სახმელეთო და 23 კმ საზღვაო საზღვარი აქვს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვრების ჩათვლით.

მაგრამ ბრიუსელში „ღია კარის“ ძალზე ჭკვიანური ტაქტიკა შეიმუშავეს, რომელსაც ჰქვია „მეტი საქართველო ნატოში, მეტი ნატო საქართველოში“. ანუ საქართველო ნატოში არ შედის - ალიანსი მას „მოწყალედ“ მხოლოდ თავის საბრძოლო მისიებში მონაწილეობის უფლებას აძლევს, ნატო კი საქართველოში შედის, შედის თანდათან, step by step, რაც ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ რომ რუსეთისგან საქართველოს დაცვას არ ავალდებულებს. მაგრამ თუნდაც ნატოს ლიდერი და მთავარი სპონსორი - სირიაზე დაუსჯელი დარტყმითა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წარმატებით ფრთაშესხმული აშშ უეცრად ალიანსში საქართველოს მიღებას დათანხმდეს, მაშინ ეს მოხდება სტრატეგიული კვლევების ამერიკული ინსტიტუტის Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის ლუკ კოფის მიერ შემუშავებული გეგმით. ანუ საქართველოს ნატოში მიღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, რომლებზეც არ გავრცელდება წესდების მე-5 მუხლის მოქმედება; და მე-6 მუხლის შეცვლით, სადაც ჩამოთვლილია ალიანსის წევრი ქვეყნები, რომლებზეც მე-5 მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა ვრცელდება.

- არის თუ არა საქართველოს ნატოში წევრობა ხელსაყრელი საქართველოსთვის ანდა დასავლეთისთვის?

- რაც შეეხება დასავლეთს, ამაზე უკვე ვთქვი, უფრო დაწვრილებით კი გადმოცემულია სტრატეგიული კვლევების ამერიკული ინსტიტუტის Heritage Foundation-ის ჩემ მიერ ნახსენებ მოხსენებაში „საქართველოს ნატოში შესვლა აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“, ავტორი - ლუკ კოფი, დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება საქართველოს, მოდით, გვერდზე გადავდოთ პროპაგანდისტული ლოზუნგები, როგორიცაა - „ნატო არა მარტო სამხედრო ბლოკია, არამედ დემოკრატიული ღირებულებების სისტემაც“, და საქმეს რეალურად შევხედოთ. მაშ ასე, რუსეთისგან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაში საქართველოს დახმარებაზე ნატომ უარი თქვა, მეტიც - საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად მათი „დროებით“ დავიწყებაა საჭირო, „სანამ საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით არ გადაწყდება“ (ლუკ კოფი, Heritage Foundation). ესე იგი, ნატოს არც ახალი აგრესიის შემთხვევაში შეუძლია რუსეთისგან საქართველოს დაცვა, იმიტომ რომ რუსეთთან ომს უფრთხის.

იბადება შეკითხვა: თუკი ნატოს არ შეუძლია, მომავალში საქართველო რუსეთის შესაძლო „აგრესიისგან“ დაიცვას, აგრეთვე წარსულში „ოკუპირებული“ ტერიტორიები დაუბრუნოს, მაშინ რაში სჭირდება საქართველოს ნატო? და რატომ უნდა ეშინოდეს რუსეთისა საქართველოს? მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს არ უნდა, საქართველო ნატოში შევიდეს და, ამგვარად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის სამხრეთ საზღვრებს მიუახლოვდეს. ესე იგი, თუ საქართველო ნატოში არ შედის, რუსეთისაც აღარ უნდა ეშინოდეს?! ხოლო თუ რუსეთისგან არა, მაშინ ვისგან შეუძლია საქართველოს დაცვა ნატოს? მოძმე სომხეთისა და აზერბაიჯანისგან? ან ნატოს წევრი თურქეთისგან? თუ - თურქეთისგან, მაშინ გამოდის, რომ ნატომ საქართველო... ნატოსგან უნდა დაიცვას?! საქართველო ხომ, ჩამოთვლილთა გარდა, არცერთ სხვა ქვეყანას არ ესაზღვრება.

აი რატომ საქართველოს ხელისუფლების სიტყვები და საქმეები გამუდმებით ცდება ერთმანეთს:
- ერთი მხრივ, მუდმივად დეკლარირებული „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური პრობლემების მხოლოდ მშვიდობიანი გადაწყვეტა“ და პრემიერ კვირიკაშვილის ახალი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც აფხაზებისა და ოსებისთვის სხვადასხვა სიკეთეებს ითვალისწინებს; მეორე მხრივ კი - განცხადებები, რომ „რუსეთი მთავარი საფრთხეა საქართველოსთვის, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან საქართველოს მცოცავ ოკუპაციას და ბორდერიზაციას ახორციელებს და მის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს ყველა მეთოდით, მათ შორის - „რბილი ძალით““;
- ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ „ნატო საქართველოში და საქართველო ნატოში არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ“, მეორე მხრივ კი - გამალებული შეიარაღება და ნატოსთან ერთობლივი გაუთავებელი სწავლებები;
- ერთი მხრივ - რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროკავშირის სანქციებთან მიუერთებლობა, რუსეთთან ხელსაყრელი ვაჭრობა და მილიონობით რუსი ტურისტის სტუმართმოყვრულად მიღება (საქართველო სანქციებს საკუთარ თავს ხომ არ დაუწესებს!), მეორე მხრივ კი - რუსეთისთვის გამუდმებით სახელის გატეხა ყველა საერთაშორისო მოედანზე, დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატის გაძევება და სირიაზე კოალიციის სარაკეტო დარტყმის მოწონება.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ საქართველოს დღევანდელ საგარეო პოლიტიკაზე და პრიორიტეტებზე? როგორია თქვენი პროგნოზი რუსეთთან მისი ურთიერთობის განვითარებასთან დაკავშირებით?

- როდესაც სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა არაადეკვატურია, რაზეც ახლახან ვილაპარაკე, პროგნოზების კეთება მხოლოდ „შეთქმულებათა თეორიის“ თვალსაზრისით შეიძლება. ეს სომხეთში ბოლო მოვლენებმაც დაადასტურა.
რაც შეეხება საქართველოს, რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმების რეალიზაციის გაჯანჯლების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შეთანხმებების რატიფიკაციასთან დაკავშირებული პერიპეტიების მიღმა მთავარი გამოგვრჩა - რუსეთმა და აშშ-მა ერთდროულად მოუწოდეს საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, მაგრამ ეს სხვადასხვანაირად გააკეთეს:
- რუსეთმა პირდაპირ მოუწოდა საქართველოს, აღიაროს „ახალი რეალიები“, რათა „საფრთხის ქვეშ არ დააყენოს მიღწევები“ (1 მლრდ დოლარის საქონელბრუნვა, საქართველოში წარმოებული ღვინის 3/5 იმპორტი, წელიწადში 1,4 მილიონი რუსი ტურისტი) და „აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა“ (გ. კარასინის ინტერვიუდან «Ъ» ს და ТАСС- ს);
- აშშ აპირებს, საქართველოს ნატოს წევრობა შესთავაზოს „ნატოს წესდების მე-5 მუხლიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დროებით გამორიცხვის პირობით, მანამდე, სანამ საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით არ აღდგება“. აქაოდა, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა „შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება ოკუპირებული ტერიტორიების გამო რუსეთთან ომის ავტომატურად დაწყებას ნიშნავს“ (ლუკ კოფი, Heritage Foundation).

და როგორც კი ნატო საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე მიიღებს, მათ თავის შემადგენლობაში რუსეთის ფედერაცია შეიყვანს, რომელსაც თან ჩაეთვლება, რომ გაყოფილი ხალხი - ჩრდილო და სამხრეთელი ოსები გააერთიანა. აჭარას კი თურქეთი წაიღებს, რომელმაც შემთხვევით როდი დაუჭირა მხურვალედ მხარი საქართველოს ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში
. თურქეთს სწადია, საქართველო ნატოში 2021 წლამდე მიიღონ - 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, რომლითაც აჭარა საქართველოს 100 წლით გადმოეცა რუსეთის გარანტიებით. ბუნებრივია, რომ რუსეთი საქართველოს ისევ თავდებად აღარაფრით დაუდგება, თუკი ეს უკანასკნელი ნატოს წევრი გახდება, რასაც შესაბამისი, საქართველოსთვის სამწუხარო შედეგები ექნება. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გამჭვირვალე საზღვრები ნატოსთან რუსეთის სრულფასოვან საზღვრებად გადაიქცევა და საქართველოს მოქალაქეების გალისა და ახალგორის რაიონებში მუდმივად გადასვლა რუსეთის ვიზის გარეშე შეუძლებელი გახდება.

ჯერჯერობით ყველაფერი აქეთ მიდის, თუკი, რა თქმა უნდა, „შეთქმულებათა თეორიას“ არ ვირწმუნებთ. ქართველი მინისტრები, რომლებსაც სამსახურებრივად აქვთ უშუალო დამოკიდებულება ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან - მაგალითად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი - წელიწადში ნახევარ მილიონს იღებენ. ასეთ ხელფასებზე, დანამატებსა და პრემიებზე ნებაყოფლობით ბევრი არ იტყვის უარს! ქართველი პარლამენტარები - უმრავლესობა და ოპოზიცია, 6-მანდატიანი კოლორიტული ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებიც კი, რომლებიც ვითომდა ქართულ-რუსულ დიალოგს უჭერენ მხარს და პერმანენტულად სტუმრობენ რფ-ის სახელმწიფო დუმაში ლეონიდ კალაშნიკოვს, საქართველოს უალტერნატივო საგარეოპოლიტიკურ ევროატლანტიკურ კურსს ემხრობიან. მათი მიზანია არა საქართველოს მხრიდან ნატოზე უარის თქმის შემთხვევაში რუსეთთან რეპარაციებზე მოლაპარაკება, არამედ ლამაზი სადღეგრძელოებით რუსეთის დარწმუნება, რომ ნატო საქართველოში რუსეთს არ ემუქრება და ქართულ სუფრასთან რუსეთისგან საქართველოს ნატოში შესვლის კურთხევის გამოთხოვა (მხედველობაში მაქვს „პატრიოტთა ალიანსის“ მაზალო ინიციატივა „საქართველო-ნატო-რუსეთის“ კომისიის შექმნის თაობაზე, რომლის პირველი სხდომა თბილისში უნდა გაიმართოს). ხოლო თუკი რუსეთი საქართველოს თავისი ნებით, მოლაპარაკებებით არ დაუბრუნებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მაშინ მათ ძალით დავიბრუნებთო!

ნახეთ, როგორ მკვეთრად უარყოფითად შეხვდა მთელი ქართული პოლიტისტებლიშმენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განუხრელი ნორმალიზაციის და დარეგულირების შესახებ, რომელიც მან გასულ კვირას ტელეარხ „Дождь“-თან ინტერვიუში გააკეთა: „როდესაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოავლინა რუსეთთან ურთიერთობის ღრმა კრიზისიდან გამოსვლაში დაინტერესება, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი და ამ წლების განმავლობაში მან ყველასათვის ცნობილი დადებითი შედეგები მოიტანა... ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი არა მხოლოდ გაჩნდა, არამედ წარმატებით განხორციელდა. ეს საქართველოში და, განსაკუთრებით, მის საზღვრებს გარეთ ყველას როდი მოსწონს. გასაკვირი არ არის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები „ტატუნაშვილის საქმეს“ ჩაეჭიდნენ. მაგრამ, ამ დასანანი ინციდენტის ირგვლივ საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობის უკან დაწევა არ გამოუვიდათ“, - თავს გულუბრყვილობის უფლება მისცა ზახაროვამ - უსაფუძვლოდ, თუკი „შეთქმულებათა თეორიის“ არ გვჯერა.
მიმდინარე პოლიტიკური მომენტის გათვალისწინებით რამდენად პროდუქტიული და დიპლომატიის თვალსაზრისით რამდენად დროული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირების მიბმა ცხინვალის ციხეში ქართველი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან, რომლის ცხედარს ოჯახს ერთი თვე არ უბრუნებდნენ და ბოლოს ამოცლილი შინაგანი ორგანოებით და მოჭრილი თითით გადმოსცეს?! გასაკვირი არ არის, რომ ზახაროვას განცხადების პასუხად ქართული მხარისგან ბრალდებები წამოვიდა „რუსი აგრესორებისა და ოკუპანტების დესტრუქციული პოლიტიკის“ მისამართით, „რომლებთანაც არანაირ კომპრომისზე წასვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“. ხაზს ვუსვამ - საქართველოს მხრიდან არ ყოფილა არცერთი დადებითი რეაქცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებზე, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა „გათბა“ და ეს პროცესი შეუქცევადია. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის ორიგინალურად დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემაც კი ზახაროვას განცხადებას „პროვოკაცია“ უწოდა (სხვათაშორის, ლუკ კოფის ამერიკულ გეგმას - ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე - ქართველი საზოგადოება არანაკლები აღშფოთებით შეხვდა).

ამიტომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ პროგნოზების კეთება არა „შეთქმულებათა თეორიის“, არამედ აშშ-ის twitter-პრეზიდენტ ტრამპის იმპულსურობის, ყარაბაღში მოსალოდნელი ახალი ომის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გათვალისწინებით, საკმაოდ რთულია.

შეკითხვებს უსვამდა ალინა ზაიჩიკოვა
2018 წლის 30 აპრილი
თბილისი-პენზა