საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად, რისთვისაც მნიშვნელოვანია, პარტიას ბიძინა ივანიშვილმა უხელმძღვანელოს

     საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. საჭიროა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება და ამ კუთხით მნიშვნელოვანია, პარტიას სათავეში ჩაუდგეს ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის შესაბამისი ფორმალური პროცედურების შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. ჩვენ ძალიან ხშირად, მათ შორის პარტიულ კონფერენციებზე ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭიროა, შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პოლიტიკური პარტია. საჭიროა, ჩვენი პარტია საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას განსაკუთრებული ძალისხმევა და რესურსი სჭირდება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას სათავეში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება. ის ჩვენს პარტიაში რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება სათავეში. ეს გადაწყვეტილება ვერავითარ და არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებზე და გადაწყვეტილებებზე. ყველაფერი ისე რჩება, როგორც არის პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.