საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ, შესაძლოა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.
„სერიოზულად ვფიქრობ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ამაზე ადრეც არაერთხელ მითქვამს. ახლა გამოვდივართ კონკრეტული გეგმით - 15 მაისიდან ჩავერთვებით წინასაარჩევნო კამპანიაში და დაახლოებით 15 აგვისტოსთვის გადავწყვეტთ, ჩავერთვებით თუ არა საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ გვაქვს ძალიან ღია და სათანამშრომლო ურთიერთობა ყველა პოლიტიკურ ძალასთან“, - განაცხადა უსუფაშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.
დავით უსუფაშვილი რიგით მეხუთე პოლიტიკოსია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრის განზრახვის შესახებ განაცხადეს ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც თავს „საქართველოს პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატად“ მიიჩნევს, აგრეთვე საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ოპოზიციური პარტია „გირჩის“ (რომელიც სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებითაა დაკომპლექტებული) ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ და საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ვინ იყრის კენჭს მმართველი პარტიიდან „ქართული ცნება - დემოკრატიული საქართველო“, ა.წ. ივლის-აგვისტოში გახდება ცნობილი.
დავით უსუფაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „შენების მოძრაობა“ 2017 წლის ივნისში დააფუძნა. 2012-2016 წლებში ის საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტს თავმჯდომარეობდა. 25 წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. 2016 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო სიის პირველ ნომრად დასახელდა. ის საბურთალოს რაიონის N6 მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს და ამომრჩეველთა ხმების 11.1% მიიღო.
დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს დატოვა. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ პარტიის დამფუძნებლებსა და სხვა ლიდერებს მისგან განსხვავებული ხედვები აღმოაჩნდათ.