პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: საპროტესტო მოძრაობა სომხეთში არ არის მიმართული არც რუსეთის, არც აშშ-ის, არც ევროკავშირის, არც ირანის და არც საქართველოს წინააღმდეგ!

     საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. სომხეთში საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, ფრაქცია ელქის ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ელჩს ივან ვოლინკინს შეხვდა. როგორც რუსულ სააგენტო РБК-სთან ინტერვიუში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, შეხვედრა ერევანში, რუსეთის საელჩოში მისი ინიციატივით შედგა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რუსულმა მხარემ პირობა დადო, რომ სომხეთში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერევა“, ხოლო თავად მან დაარწმუნა რუსი დიპლომატი, რომ საპროტესტო გამოსვლები რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
საპროტესტო მოძრაობა არ არის მიმართული არც რუსეთის, არც აშშ-ის, არც ევროკავშირის, არც ირანის და არც საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა ფაშინიანმა. მისი განმარტებით, ეს არის სომხეთის შიდა მოძრაობა კორუფციისა და არაეფექტიანი მმართველობის წინააღმდეგ“. ფაშინიანმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო გამოსვლებს არ შეწყვეტს, ვიდრე მას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე დროებით პრემიერ-მინისტრად არ დაამტკიცებენ.
სომხეთში რუსეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში, ფაშინიანთან ერთად, მისი თანაპარტიელი არარატ მირზოიანი და პარტიის პრესმდივანი ტიგრან ავინიანი მონაწილეობდნენ. აღინიშნა, აგრეთვე, რომ რუსულმა მხარემ ოპოზიციური მიტინგებისა და მსვლელობების ორგანიზატორებს მოქმედ ხელისუფლებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა, ხაზი გაუსვა, რომ შექმნილი სიტუაცია უნდა გადაწყდეს მხოლოდ კონსტრუქციულ ჩარჩოებში და სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქის ინტერესებში.
როგორც ჩანს, სომხეთში „ველვეტის რევოლუციის“ ლიდერებმა გააცნობიერეს - რა შედეგები შეიძლება მოუტანოს სომხეთს რუსეთის ფედერაციისგან დაშორებამ და ევრაზიული კავშირიდან (შესაბამისად, ОДКБ-დან) გამოსვლამ, რის შესახებაც საქინფორმი იუწყებოდა.