აქტუალური
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ში საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე ილაპარაკა

     საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. 24 აპრილს ნიუ-იორკში მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace“ და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. თავის გამოსვლაში ჯანელიძემ ილაპარაკა მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფისა და შენარჩუნების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევასა და ერთობლივ პასუხისმგებლობაზე.
მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია. გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს გამოყენების შედეგად საქართველოში გაერო- სადამკვირვებლო მისიის მანდატის შეწყვეტამ და ასევე 2008 წელს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შემდეგ ეუთო- მისიის შეწყვეტამ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნა საერთაშორისო ვაკუუმი, სადაც თვითნებური დაკავება, გატაცება და მკვლელობა ნორმად იქცა, - განაცხადა ჯანელიძემ. მისი თქმით, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს არაერთი რეზოლუციისა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არ დაიშვება საერთაშორისო სამშვიდობო მონიტორინგის მისიები, არ სრულდება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ადგილზე უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა, ყოველდღიურად ილახება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის ადგილი აქვს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს.
ერთი თვის წინ საქართველოს მოქალაქე - იძულებით გადაადგილებული პირი არჩილ ტატუნაშვილი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, დაკავებული და მოკლულ იქნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის რეგიონში - დამნაშავე აქამდე თავისუფალია. მანამდე აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე ასევე ადგილი ჰქონდა კიდევ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის - გიგა ოთხოზორიას მკვლელობას - ამ შემთხვევაშიც დამნაშავე თავისუფალია. ასიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს არ ეძლევა საშუალება, დაბრუნდეს საკუთარ სახლში, ხოლო ისინი, ვინც ადგილზე დარჩნენ, დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან და ილახება მათი ფუნდამენტური უფლებები”, - აღნიშნა ჯანელიძემ. ამ კონტექსტში მან მშვიდობის შენარჩუნებისთვის სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე ილაპარაკა და დასძინა, რომგრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა სამართლის ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინების გარეშე თითქმის შეუძლებელია“.
გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე პოზიცია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მხარდაჭერისათვის. მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ და საერთაშორისო თანამეგობრობას გააცნო აღნიშნული ინიციატივის ძირითადი პრინციპები, რაც მოემსახურება გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისათვის იმ შესაძლებლობების გახსნას, რაც საქართველომ რეფორმების და ევროკავშირში ინეტეგრაციის პროცესში მიიღო.
მიუხედავად ყველა პროვოკაციისა და ბარიერისა, საქართველოს მთავრობა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს გაბედულ ქმედებებს გამყოფი ხაზების გასწვრივ ნდობის აღდგენის, ეკონომიკური კავშირების და ადამიანებს შორის კონტაქტების გასაუმჯობესებლად. ეს არის ამბიციური ინიციატივა და საქართველოს მთავრობა მის პოლიტიზებას არ ახდენს. ჩვენ ვაფასებთ ამ ინიციატივისადმი საერთაშორისო საზოგადოების გამოხატულ მხარდაჭერას და ამ პროცესში თქვენი აქტიური ჩართულობის იმედი გვაქვს, - განაცხადა ჯანელიძემ.
გამოსვლის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე მშვიდობისმყოფელებს გაწეული საქმიანობისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, გააგრძელოს ძალისხმევა მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.