საზოგადოება
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე საპრეზიდენტო კანდიდატზეც იმსჯელეს, რომლის ვინაობა მაისის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი

     საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, საპრეზიდენტო კანდიდატებზეც იყო საუბარი, – ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.
„გაკვრით იყო საუბარი საპრეზიდენტო კანდიდატზე, სახელები არ დასახელებულა. მიდის კონსულტაციები, თუმცა ვისთან მიდის, ვერ გეტყვით, მაგრამ პარტიის ყრილობისთვის, რომელიც მაისის პირველ ნახევარში ჩატარდება, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი იქნება“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
ცნობისათვის: პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი და ყოფილი პრემიერი, პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.