პოლიტიკა
საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რიგით 55-ე შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სამართლის აღსრულება, ასევე, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. საუბარი შეეხო გალის რაიონში ქართული სკოლების მოსალოდნელი დახურვის თემასაც.
ირაკლი ანთაძის თქმით, სკოლების საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ყველა შეხვედრაზე განიხილებოდა, დგინდება დეტალები და ხელისუფლება ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
მომდევნო შეხვედრა გალში 18 მაისს გაიმართება.