საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. "პოლიტიკური სიბეცე“ - ასე მოიხსენიებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ბრალდებებს "შპარგალკებით" პროპაგანდისტული ომი და იეჟოვის ტერმინოლოგია უწოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი შეფასების გაჟღერება ქვეყნისთვის მავნებელია.
„მისი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მით უმეტეს, მოხსენების წინ ეჟოვის ხსენება ჩვენთან მიმართებაში, ვფიქრობ არა მარტო არაკორექტულია, არამედ პოლიტიკური სიბეცე, გარკვეულწილად, არა მარტო ჩვენთან, შიგნით ურთიერთობისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც ამის გაჟღერება იმ დონის ინსტიტუტისგან, როგორიც პრეზიდენტის ინსტიტუტია, მავნებლურია,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების ფონზე, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მოხსენებით 2 მაისს გამოვა.