პუბლიკაციები
კოდორის მოვლენები - ემზარ კვიციანი ადასტურებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა

     საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ემზარ კვიციანი 12 წლის შემდეგ კოდორის სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობს. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა „კავკასიის" ეთერში გაიხსენა თუ როგორ განვითარდა მოვლენები კოდორის სპეცოპერაციის დროს და განმარტა რატომ წავიდა რუსეთში.

„ოჯახი იყო იქით გატყუებული. მე სად წავიდოდი გარდა იმისა, სადაც ჩემი ოჯახი იყო. მე შემეძლო წამოსვლა იქიდან, ვერტმფრენის გატაცებაც შემეძლო იმიტომ, რომ იარაღიც მქონდა იმ პერიოდში მაგრამ სად წავსულიყავი?! უკვე ვიცოდი, რომ ერთნი იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლება და რუსეთი,“-განცხადა ემზარ კვიციანმა.

ემზარ კვიციანმა დღეს ასევე იმ განცხადებებზე ისაუბრა, რომელსაც ის რუსეთში აკეთებდა.

საუბარია მის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომ კოდორის ხეობაში იყვნენ ამერიკელი სამხედროები. კვიციანის თქმით, ამ განცხადებების გაკეთებას მას რუსული სპეცსამსახურები ავალებდნენ.

ემზარ კვიციანი ამბობს, რომ ის იძულებული იყო მსგავსი შინაარსის განცხადებებზე დათანხმებოდა იმისთვის რომ გადაერჩინა ოჯახი.

„რაც შეეხება განცხადებებს, ჩემთვის იყო მთავარი, რომ ქმედება არ შემოეთავაზებინათ ჩემთვის თორემ განცხადება ჩემთვის იყო არაფერი. იმიტომ, რომ მე ოჯახი მყავდა გადასარჩენი. იმ განცხადებებით მე არაფერი არ ვავნე ჩემს სამშობლოს. იმ განცხადებებით მე მხოლოდ და მხოლოდ ვავნე ჩემს თავს. რაიმე დაუშავდა ჩემს ქვეყანას ამ ლაპარაკით? მე წავედი თვითლიკვიდაციაზე ავტორიტეტულად,“-განცხადა ემზარ კვიციანმა.