საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დევნილი მოსახლეობისთვის აშენდა სახლები, თუმცა არცერთი კეთილმოწყობილი ბინა არ შეიძლება იყოს იმ კერის ალტერნატივა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა დატოვეს.
„მოგახსენეთ, რომ ჩვენ ვაშენებთ სახლებს ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ოცნებაა, ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ. არცერთი კეთილმოწყობილი ბინა და არცერთი ჭერი, რომელსაც დევნილ მოსახლეობას ვაძლევთ, არ შეიძლება იყოს იმ ფუძის, იმ კერის შემცვლელი და ალტერნატივა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა დატოვეს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე და პრაგმატულ, თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაზე გადის ვექტორი, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს.
„ჩვენი მთავარი მიზანი და სანუკვარი ოცნება გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ, დევნილები დავუბრუნოთ თავიანთ სახლ-კარს და დამერწმუნეთ, ეს არის შესაძლებელი იმ ნაბიჯებით, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე და პრაგმატულ, თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაზე გადის ის ვექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას აუცილებლად მოიტანს. ჩვენ ყველას არა მხოლოდ გვჯერა ამის, არამედ ვხედავთ ამ მომავალს და ამ მომავლის შენებაში თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული“, – მიმართა პრემიერმა რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე – დღეს საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა ევროკავშირში, შენგენის ზონის ქვეყნებში სამოგზაუროდ წასასვლელად.
„რა თქმა უნდა, ეს არის უპირველეს ყოვლისა ნდობა, საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს მხრიდან საქართველოს მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმებისადმი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.