საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რევოლუციაზე ლაპარაკი ნაადრევია. სომხეთის პრემიერმა დატოვა თანამდებობა და წავიდა კომპრომისზე. სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც აქამდე იყო“, - განაცხადა საქართველოში სომხეთის ელჩმა რუბენ სადოიანმა.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 23 აპრილს სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. ერევანში პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა.
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა. სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008-2018 წლებში იყო. მანამდე ის ერთი წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობის მეთაური იყო, ასევე, იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს (2000-2007 წლებში).