საზოგადოება
„გარჩევა“ საპარლამენტო უმრავლესობაში განუსაზღვრელი დროით გადაიდო

     საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ბიძინა გეგიძის შეფასებით, უმრავლესობის სხდომის გადადება ერთადერთი სწორი, ადეკვატური და პრაგმატული გადაწყვეტილება იყო.
როგორც გეგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომის გადადების ერთ-ერთი ინიციატორი თვითონ იყო.
დეპუტატის თქმით, არსებული მოცემულობა და სხდომაზე განსახილველი საკითხები უფრო მეტ მომზადებას საჭიროებს.
ნაჩქარევ რეჟიმში სხდომის ჩატარება არ ივარგებს. კოლეგებთან ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი, რომ შეხვედრა გადადებულიყო. შეხვედრა გაცილებით სოლიდურად უნდა ჩატარდეს და ამიტომ მომზადებისთვის მეტ დროს მოითხოვს, რადგან ამ შეხვედრაზე ბევრი პრობლემატური და აქტუალური საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. უმრავლესობის შეხვედრა უნდა იყოს გაცილებით სოლიდურად და დინჯად მომზადებული, რათა კონკრეტული შედეგები მივიღოთ და ეს შეხვედრა არ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის“, – აცხადებს გეგიძე.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელიც გუშინ იყო დაგეგმილი, გადაიდო.