საზოგადოება
ამერიკელებსა და ევროპელებს მიაჩნიათ, რომ GOOGLE და FACEBOOK ინფორმაციით მანიპულირებენ

     საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. გერმანიის (68%), აშშ–ის (60%) და იტალიის (60%) მოსახლეობის უმეტესობა და ასევე საფრანგეთისა (57%) და დიდი ბრიტანეთის (54%) მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ Google, Facebook და სხვა ინტერნეტგიგანტები ალგორითმებს პოლიტიკური მიზნებისთვის ინფორმაციით მანიპულირებისთვის იყენებენ. გამოკითხვა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ისთვის პროექტ „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში კომპანია Ifop–მა ჩაატარა.
მათი წილი, ვინც თვლის, რომ ინფორმაცია, რომელსაც Google, Facebook და სხვა მსხვილი კორპორაციები წარმოადგენენ, ობიექტური და მიუკერძოებელია, საკმაოდ მცირეა – აღნიშნულ მოსაზრებას ფრანგებისა და გერმანელების მხოლოდ 11%, ბრიტანელების 13%, იტალიელების 15% და ამერიკელების 16% ემხრობიან. კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა გამოკითხვაში მონაწილე გერმანელების 21%–ს, ამერიკელების 24%–ს, იტალიელების 25%–ს, ფრანგების 32% და ბრიტანელების 33%–ს.
ამასთან, საფრანგეთსა და აშშ–ში უმეტესად ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ინტერნეტგიგანტები ინფორმაციით მანიპულირებენ. 35 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანების წილი, რომლებიც მსგავს მანიპულაციას შესაძლებლად მიიჩნევენ, საფრანგეთში 62% და აშშ–ში 71%–ია. იტალიასა და დიდ ბრიტანეთში კი ვითარება პირიქითაა. აქ კომპანიების მხრიდან ალგორითმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ყველაზე ხშირად უფროსი თაობის წარმომადგენლები უშვებენ.
კიდევ ერთი ტენდენცია მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ქვეყანაში ინტერნეტკომპანიების მხრიდან საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას შესაძლებლად მიიჩნევენ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები. აშშ–სა და გერმანიაში ამ აზრს ემხრობა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების 70%–ზე მეტი, დიდი ბრიტანეთსა და იტალიაში - 69% და 64%.
გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა 22-27 მარტს ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 5029 რესპონდენტმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ–დან. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილება 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.