საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ნატოს დღეების ფართოდ აღნიშვნის საკითხზე ილაპარაკა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ნატოს დღეები 16 აპრილს დაიწყო და 1 მაისამდე გრძელდება.
„წელს ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება რეგიონებში და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მათ შორის – ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად, მართავს არაერთ ღონისძიებას, რათა ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე იყოს სათანადო და ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგონ ის სარგებელი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ნატოსთან ინტეგრირების პროცესით; თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამ თანამშრომლობას მოაქვს ის სტაბილურობა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ნატოსთან თანამშრომლობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. უმნიშვნელოვანესია ის პროგრესი, რომელიც გვაქვს ძირითადი პაკეტის განხორციელების პროცესში, ასევე უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნებისა და გენერალური მდივნისგან საქართველოს აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, ეს დღეები სათანადოდ უნდა აღინიშნოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჩართულობა, მათი ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.