როგორც ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი "ახალი გზა" იუწყება, ბოლო პერიოდში საქართველოში ახალი ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ნიანგი გამოჩნდა, რომელიც აფთიაქებში ხელმისაწვდომი პრეპარატებისგან კუსტარულად მზადდება.
ცენტრის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების დამზადებისას, სხვა ნივთიერებებთან ერთად, ტოქსიკური ნარევი "კროტი" გამოიყენება, რომელიც საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში კანალიზაციის სისტემის გასაწმენდად მოიხმარება. როგორც "ახალ გზაში" აცხადებენ, ადვილი წარმოსადგენია ამ "კოქტეილის" მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.მათივე განმარტებით, უამრავ ზიანთან ერთად, "ნიანგი" გაცილებით უფრო ხშირად იწვევს ზედოზირებას, აქამდე გავრცელებული კუსტარული ამფეტამინებისგან ("ვინტი", "ჯეფი") განსხვავებით. დოზის გადაჭარბების ყოველი შემთხვევა შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, რადგან ავადმყოფი და მისი ახლობლები ერიდებიან, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან დახმარებას თან სდევს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტზე პოლიციის ინფორმირება. "ნალოქსონი", რომელიც, ზედოზირების შემთხვევაში, სასიცოცხლოდ აუცილებელ პრეპარატს წარმოადგენს, ამჟამად აფთიაქებში არ იშოვება, რადგან, უკვე 8 თვეა, ქვეყანაში აღარ შემოუტანიათ რეგისტრაციის ვადის დამთავრების გამო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ამ მედიკამენტის შემოტანის განახლებაზე არავინ ზრუნავს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, "ნიანგი", მისი ხელმისაწვდომობის გამო, შეიძლება პოპულარული გახდეს, განსაკუთრებით - ქალებსა და მოზარდებში, რაც სოციალურ კატასტროფამდე მიგვიყვანს.
"ამის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ქალი მომხმარებლები (რომლებიც, ზოგიერთი ორგანიზაციის მონაცემებით, დამოკიდებული ადამიანების 20% შეადგენენ) პრაქტიკულად არ მონაწილეობენ არსებულ სამკურნალო და პროფილაქტიკურ პროგრამებში, წარმოადგენენ რა მარგინალურ და შეუღწევად სოცილურ ჯგუფს უკიდურესი სტიგმისა და დისკრიმინაციის გამო", - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაში.