საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2018 წლის სამ თვეში 0,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 31,3%–ით მეტია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მიმდინარე წის მხოლოდ მარტში შემოსავალი ტურიზმიდან 237 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2017 წლის სექტემბრიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასეთია სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიტიკურ ანგარიშებს ეყრდნობა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ–მარტში ტურიზმის შემოსავალმა 561 მილიონი დოლარი შეადგინა.
2017 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან მთლიანობაში 2,8 მილიარდი დოლარი მიიღო, ხოლო წელს ექსპერტები 3 მილიარდამდე ზრდას ვარაუდობენ.
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მარტში ესტუმრა 578,5 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67,4 ათასით მეტია.
მთლიანობაში მარტში ტურისტების რაოდენობა - 33%–ით, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების 13,2%–ით გაიზარდა.
ტურიზმის სფერო აქტიურად ვითარდება საქართველოში, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე აისახება. ქვეყანაში ყოველწლიურად ჩნდება ახალი სასტუმროები, ტარდება კვების ობიექტების ხარისხის შემოწმება, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალისა და გიდების მომზადება.