პენიტენციალურ სისტემაში ახალი კორუფციული სისტემა იქმნება
პატიმრობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, გრძელვადიან პაემნებს კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ. პაემანს მსურველებს კი 60 ლარის გადახდა მოუწევთ. ეს ტარიფი პრობაციისა და სასჯელაღსულების მინისტრის – ხათუნა კალმახელიძის ბრძანებით დარეგულირდება და, როგორც მინისტრმა განაცხადა, თანხა აღარ გაიზრდება. გაურკვეველია, ისარგებლებენ თუ არა შეღავათით სოციალურად დაუცველი ოჯახები.
გრძელვადიანი პაემნების ამოქმედებისთანავე გამოცხადდება ტენდერი კომპანიებისთვის, რომლებიც სერვისს განახორციელებენ და აღნიშნული თანხა მათ ანგარიშზე ჩაირიცხება. ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში კერძო სექტორის შესვლის გამო კორუფციის გაღრმავებას პროგნოზირებენ. ხელისუფლებას უკვე შერჩეული ჰყავს კომპანიები, რომლებსაც ტენდერში გაამარჯვებინებს, – ასეთია საპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია.