აქტუალური
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების პრევენცია და მათზე რეაგირება სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია - ვახტანგ გომელაური

     საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, აღნიშნულ სფეროში მიღწეული წარმატებების კუთხით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.
საანგარიშო პერიოდში გაიმართა ორი მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც უცხოელ პარტნიორებთან და დონორებთან განხილული იქნა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებებით ეროვნულ დონეზე არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამ მიმართულებით სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ მასალებისა და ნივთიერებების არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. სამსახური ახორციელებს საზღვარზე არსებული რადიაციული კონტროლის სისტემების ტექნიკური და პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მიმართულებით ჩვენი მთავარი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.