საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. აფხაზი ექიმები თბილისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში თანამედროვე რეანიმობილის აღჭურვილობის მუშაობის პრინციპის შესახებ სწავლების კურსს გადიან. როგორც გამოცემა JAMnews წერს, აფხაზი ექიმების თაობაზე ოფიციალური ცნობა არ ყოფილა, ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალური ქსელებიდან გაიგეს, რასაც სკანდალი მოჰყვა.
ტრენინგის ორგანიზატორი ზურაბ ლაკერბაია (საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჰუმანიტარულ საკითხებში აფხაზეთის წარმომადგენელი) ამბობს, რომ ტრენინგი ჰოლანდიურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების ნაწილი იყო. ლაკერბაიას თქმით, ეს ჰოლანდიური ორგანიზაცია მზად არის, აფხაზეთს სასწრაფო დახმარების თანამედროვე მანქანა აჩუქოს, მაგრამ საჭიროა, ექიმებმა მისი სწორად გამოყენება იცოდნენ.
ლაკერბაიას თქმით, აფხაზეთში არ არიან სპეციალისტები, რომლებიც ასეთ აღჭურვილობას იცნობენ.
“ჰოლანდიელებმა წამოაყენეს პირობა, რომ ჩვენს ექიმებს ჯერ სპეციალური ტრენინგი უნდა გაევლოთ და მანქანა აფხაზეთში მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდოდა. ჯერჯერობით კი რეანიმობილი საქართველოში, სპეციალიზებულ ცენტრშია, სადაც ამ აღჭურვილობის მოქმედებაში კარგად გათვითცნობიერებული სპეციალისტები მუშაობენ. ასევე საქართველოში სამკურნალოდ იმყოფებოდა „სასწრაფო დახმარების“ აფხაზეთიდან ჩასული ექიმი. ამიტომ სამი ექთანი და მძღოლიც მოვიწვიე, რათა ამ სპეციალიზებულ ცენტრში ჩამოსულიყვნენ და აღჭურვილობას გასცნობოდნენ, რის შემდეგაც ისინი აფხაზეთში დაბრუნდნენ“, – თქვა ზურაბ ლაკერბაიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო ამ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა.
“ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლის დეკემბერში “დიპლომის შემდგომი სწავლების რუსეთის სამედიცინო აკადემიასთან” ხელშეკრულება დადო, რომელიც სამედიცინო პერსონალის განათლებას და მომზადებას ითვალისწინებს. სხვა ტრენინგებთან დაკავშირებით აფხაზეთს მოთხოვნა არ წამოუყენებია, მით უფრო, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის მტრულ ქვეყნებში”, – აცხადებენ სამინისტროში.