სამართალი
არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე ვმუშაობთ, მაგრამ ძირითადი ამოცანაა, ექსპერტიზა ეფექტიანი და ყოვლისმომცველი იყოს - გიორგი გახარია

     საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ტრაგიკულ მოვლენასთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ კონკრეტულ შეკითხვაზე გიპასუხოთ. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემას, ამაზე ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად. მათ შორისაა საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა მცხეთის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ითხოვს დახმარებას, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში მოითხოვოს საოკუპაციო რეჟიმისგან არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალეს.

1tv.ge