საზოგადოება
საქართველოში სტარტი აიღო საპრეზიდენტო კამპანიამ, ანუ სააკაშვილის მეორე მზაკვრული სვლა - საქინფორმი

     საქინფორმი, 17 აპრილი, საქინფორმი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ა.წ. ოქტომბერში იგეგმება, საპრეზიდენტო კამპანიამ უკვე მძლავრი სტარტი აიღო! როგორც საქინფორმმა არაერთხელ იწინასწარმეტყველა, ოპოზიცია მიხვდა, რომ თითო-თითოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვერ დაამარცხებს და მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის ირგვლივ ერთიანდება, რის შესახებაც ღიად განაცხადა შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავარმა ფინანსისტმა, პარტია „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა რომან გოცირიძემ. თუმცა მარგველაშვილს არანაირი შანსი არა აქვს - საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი თანამედროვეთა მეხსიერებაში დარჩება, მხოლოდ როგორც ნარკომანებისა და მკვლელების შემწყალებელი, რომლებიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ახალ საზარელ დანაშაულებს სჩადიოდნენ.
შანსი არც საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გააჩნია, რომელსაც მოქალაქეობა არ აქვს და რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული, თუმცა ავანტიურისტი ზუსტად გრძნობს ქართველი საზოგადოების განწყობას, მოქალაქეთა უკიდურეს გაჭირვებას და უკმაყოფილებას ითვალისწინებს და მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე თამაშით შორეული ევროპიდან ერთმანეთის მიყოლებით აკეთებს მომგებიან ვიდეომიმართვებს.
პირველი ასეთი განცხადების შესახებ საქინფორმი გასულ კვირას იუწყებოდა. ახლა კი სააკაშვილი საქართველოში კომერციული ბანკების მოძალეობის წინააღმდეგ გამოვიდა ყველაზე მსხვილი ბანკის - მამუკა ხაზარაძის TBC-ბანკის მეთაურობით, თუმცა თავისი პრეზიდენტობის დროს, 2010 წელს, ის პრეზიდენტის „ბრწყინვალების ორდენით“ დააჯილდოვა! და რაღა თქმა უნდა, მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ის საქართველოდან და ქართული პოლიტიკიდან გააძევა (ვიდეო იხ. აქ).
„საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. მან თავის ბანკების ხელის ბიჭები, როგორც პრემიერმინისტრი იყო ხელის ბიჭი მის ბანკში და ყველა სხვა ძირითად თანამდებობაზე დანიშნა ხელის ბიჭები, ძირითადად საბანკო სექტორიდან წამოსული და ისინი არ არიან ბანკირები. ესენი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით მევახშეები, რომლებიც სისხლს სწოვენ თითოეულ, პრაქტიკულად, ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას, ანგრევენ საქართველოს სახელმწიფოებრივობას, ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ ეკონომიკურ და ზოგადად, პოლიტიკას“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ენმ-ის ლიდერის თქმით, 2012 წელს ბანკების საერთო აქტივები იყო 12 მილიარდი ლარი, ახლა კი 30 მილიარდზე მეტია და ბანკების სუფთა მოგება 136 მილიონი ლარიდან 900 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
„ხალხი გაძვალტყავდა, ხალხი გაღარიბდა, მათ შორის, ამ ბანკების გამო, პირველ რიგში. ბანკების მოგება გაიზარდა ამ გაღატაკების ფონზე 6-ჯერ და ეს რიცხვი ნიშნავს იმას, რომ ბანკებმა ხელთ იგდეს ოჯახების ქონება, ბიზნესები და მთლიანად სახელმწიფოს მართვა, სახელმწიფო აპარატი და, პრაქტიკულად, თითოეული ქართველის ოჯახის ქონება. პოტენციურად, ეს არის ამ ორი თუ სამი ბანკის ერთპიროვნული საკუთრება. ამ მევახშეების ხელში გადადის ყველაფერი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ ბანკის ოფიციალურ რეესტრში მოვალეთა რიცხვი სამჯერ გაზრდილია.
„ყოველ მეათე ზრდასრულ საქართველოს მოქალაქეს დაყადაღებული აქვს ყველაფერი, ტელევიზორი, სახლი, მაგიდა, სკამი, მაცივარი, საბანკო ანგარიშები, ყველაფერი დაყადაღებული აქვს ამ მევახშეების მიერ, ივანიშვილის და მისი ჯგუფის მიერ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო მთელ მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ყოველი 10 მოქალაქიდან 7-ს აქვს ბანკის ე.წ. ამ მევახშეების ვალი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ენმ-ის ლიდერის თქმით, საქართველოში საბანკო განაკვეთი არის 25 პროცენტი, მაშინ როდესაც ევროპაში 11 პროცენტია, ხოლო სომხეთში - 7 პროცენტი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყოველი მეორე პენსიონერი ბანკის მოვალეა.
მისივე თქმით, 2012 წელს ივანიშვილის ბანკის საერთო კაპიტალი შეადგენდა 400 მილიონ ლარს, ახლა კი 2 მილიარდი ლარია.
„საქართველოში ივანიშვილი გარიგდა TBC ბანკთან, რომლის 25 პროცენტი, როგორც ვიცით, წამოიღო თავად ივანიშვილმა და TBC ბანკთან ერთად, მაგალითად, ახლა ანადგურებს თბილისის ცენტრს, გაანადგურა ლაზიკის პროექტი იმიტომ, რომ რასაც ისინი აკეთებენ ახლა ლაზიკაში, ანაკლიის პორტში, ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც ჩვენ დავიწყეთ... პრაქტიკულად, სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში, ივანიშვილი და ივანიშვილთან შეკრული მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე. ეს სამი ადამიანია თითოეული თქვენგანის ბიუჯეტის მტერი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრისგან გამოსავალს საპრეზიდენტო არჩევნებში ხედავს.
„ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ წელს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ საქართველოში უნდა შეიცვალოს ძალაუფლება, ხელისუფლება და საქართველოში უნდა დამთავრდეს მაფიის, მათ შორის, ივანიშვილის საბანკო მაფიის თარეში. პირველი, რაც უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალ საბანკო კრედიტებზე უნდა დაიწიოს საბანკო პროცენტმა ბანკების ზემოგების ხარჯზე. ხოლო ივანიშვილის მიერ მოპარული აქტივების წამოღების ხარჯზე ჩვენ გავაკეთებთ სიას უსამართლო ვალების და კრედიტების და ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა ვალების და ჩვენ დავაწესებთ ორწლიან მორატორიუმს მათ გასტუმრებაზე და ეს იქნება გარანტირებული სწორედ ივანიშვილისგან წამოღებული ფულით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.