პოლიტიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაცია მოახდინა და კომერციულ ბანკებს ომი გამოუცხადა! - საქინფორმი

     საქინფორმი, 17 აპრილი, საქინფორმი. ცოტა ხნის წინ დანიშნული ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქმის კაცი აღმოჩნდა. ისე, რომ თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, „ლარის მცურავ კურსზე“ არცერთი ხმამაღალი პიარგანცხადება არ გაუკეთებია, მან მოკლე დროის განმავლობაში შეძლო ჯერ ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის სტაბილიზება, რომელიც ნელა, მაგრამ განუხრელად მყარდება აშშ დოლართან მიმართებაში: თუკი ბახტაძის დანიშვნის მომენტისთვის ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1 დოლარზე 2,50 ლარს აღემატებოდა, დღეს ის 2,40 და ნაკლებ ლარს უტოლდება.
გასული კვირის ბოლოს კი მამუკა ბახტაძემ იმის გაკეთება გაბედა, რასაც ვერცერთი მისი წინამორბედი ვერ ბედავდა - მან ომი გამოუცხადა საქართველოში კომერციულ ბანკებს მამუკა ხაზარაძის ТВС-ბანკის მეთაურობით, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობის ორი მესამედი უპრეცედენტო მძარცველური პროცენტებით დაბეგრეს მცირე და საშუალო ბიზნესის წამოსაწყებად ან საცხოვრებლის შესაძენად აღებული კრედიტების გამო. სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს ჩადებულ ქონებას - ძირითადად, ბიზნესს და სახლებს - ართმევენ, ხალხს კი აღსრულების პოლიციის ძალებით ქუჩაში ყრიან.
საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, - დღეს ქვეყნის ბიუჯეტის 50% ფორმირდება 300 კომპანიის მიერ, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც საბანკო სისტემაშია, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ ის უნდა იყოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. დღეს ის საპროცენტო განაკვეთები, რაც არის ჩვენს ეკონომიკაში, ხელს არ უწყობს მეწარმეობის მასობრივ განვითარებას,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, რომლის თქმით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა მოკლე ვადაში მსგავსი ბარიერები ქართული ეკონომიკისთვის გაუქმდეს.