აქტუალური
წვრილ მოვაჭრეებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ

comercial_cargoთებერვლიდან საზღვარზე კომერციულ ტვირთს ხელით ან მსუბუქი ავტომობილებით აღარ ატანენ. ტვირთის საზღვარზე გადმოსატანად ისინი გადამზიდავ კომპანიასთან უნდა მივიდნენ და მისი მომსახურებით უნდა ისარგებლონ, ვინც არ დაემორჩილება ახალ წესს, ტვირთს ჩამოართმევენ. ამჟამად მოქმედი ფასებით ერთი კუბური მეტრი ტვირთის თურქეთიდან თბილისში ჩამოტანა 200–300 დოლარამდე ჯდება, საქონლის სახეობას გააჩნია, შედარებით ძვირია მალფუჭებადი პროდუქტის ტრანსპორტირება, რომელსაც სამაცივრე კონტეინერი სჭირდება. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ამ სადამსჯელო მეთოდს კონტრაბანდის შესამცირებლად მიმართეს. არადა, არსებობს საფრთხე, რომ ეს მოვაჭრეები უმუშევართა რიგებს შეემატებიან, ხოლო კომპანიები, რომლებიც მათ ჩაანაცვლებს, რასაკვირველია, მთავრობისთვის უფრო ადვილად გასაკონტროლებელი იქნება. ამ სიახლეებს კი საქონლისა თუ მომსახურების გაძვირება მოჰყვება.
და ეს მაშინ, როცა უმუშევრობა და ფასების ზრდა ქართული ეკონომიკისთვის დღეს უმთავრესი პრობლემაა.