საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები სხვადასხვა სამინისტროებზე გადანაწილდება. ექსპერტების აზრით, ხელისუფლების მხრიდან ეს მორიგი არასწორი სვლაა. იმის გამო, რომ სამინისტროს მენეჯმენტი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს, სამინისტრო კი არ უნდა გაუქმდეს, შიდა რეორგანიზაციითა და პროფესიონალი კადრების მოყვანით უნდა გაძლიერდეს. ამ ეტაპზე უფრო მართებული იქნებოდა ენერგეტიკის სამინისტროს ლიკვიდაცია, რადგან პრაქტიკულად ეს უწყება უფუნქციოდაა დარჩენილი.
სამინისტროს კიდევ ერთი ფუნქციაა, საკუთარი ჰიდრორესურსებით ელექტროენერგიაზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. თუმცა ქვეყანაში მცირე თუ დიდი ჰესები მთლიანად პრივატიზირებულია და, შესაბამისად, მათი მფლობელების ინტერესებშია დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის გამომუშავება და გაყიდვა.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რა ფუნქცია აქვს ამხელა სამინისტროს და რაში იღებენ არცთუ ისე მწირ ხელფასს მინისტრი, მისი მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელ-თანამშრომლები?