აქტუალური
ექტროენერგიის ყველა მომხმარებელი ვერ მიიღებს 20-ლარიან ვაუჩერს

jandacva_samin10 თებერვლიდან 15 მარტამდე საქართველოში ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერები დარიგდება. ამ პროცესს კოორდინაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო (სმს) გაუწევს.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს სმს–ში განუცხადეს, აბონენტებს 15 მარტამდე ჯერ ვაუჩერი, შემდეგ კი ელექტროენერგიის ქვითარი მიუვათ, რომელზეც 20 ლარი ლიმიტის სახით იქნება დარიცხული. აბონენტის მიერ 15 მარტამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას აღნიშნული 20 ლარი ავტომატურად ჩამოეჭრება, რასაც კომპანია “თელასი” უზრუნველყოფს. მაგალითად, თუ აბონენტს 50 ლარი აქვს გადასახადი, მას 20 ლარი ავტომატურად დაეფარება და მხოლოდ 30 ლარის გადახდა მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს 20 ლარზე ნაკლები ღირებულების ელექტროენერგია აქვს დახარჯული, 20 ლარს შესაბამისი თანხა გამოაკლდება, მის დარჩენილ ნაწილს კი ის მოგვიანებით, სურვილისამებრ გამოიყენებს.

როგორც სმს–ში განმარტავენ, 20-ლარიან ვაუჩერებს დაკეტილ ბინებში არ მიიტანენ. კერძოდ, მას მხოლოდ ის აბონენტები მიიღებენ, რომლებსაც 2009 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის გაზაფხულამდე, კონკრეტულ 6-თვიან პერიოდში 200 კილოვატ/საათზე მეტი ელექტროენერგია აქვთ დახარჯული. მაგალითად, ვაუჩერს ვერ მიიღებს ის აბონენტი, რომელსაც 2009 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის 1 აპრილამდე 200 კილოვატ/საათზე მეტი ელექტროენერგია არ ექნება მოხმარებული.

“რაც შეეხება სოციალურად დაუცველ პირებს, შესაძლოა, მათ 6-თვიან პერიოდში 200 კილოვატ/საათზე ნაკლები ელექტროენერგია ჰქონდეთ დახარჯული. ამიტომაც მათზე ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს. თუ ისინი ვაუჩერს მაინც ვერ მიიღებენ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზს (91 00 46) უნდა დაუკავშირდნენ. მონაცემთა ბაზაში, კონკრეტული პირის არსებობის შემთხვევაში, მას ვაუჩერს დაუყოვნებლივ გადასცემენ. თუ პირი მონაცემთა ბაზაში ტექნიკური მიზეზით იქნება გამორჩენილი, მას ამ ბაზაში სათანადო მონაცემების გადამოწმებისას შეიყვანენ და ვაუჩერს გადასცემენ”, – განაცხადეს სააგენტოში.

იმისათვის, რომ აბონენტმა ვაუჩერი მეორე აბონენტს აჩუქოს, მან პირადობის მოწმობით “თელასს” უნდა მიმართოს და კონკრეტული აბონენტების ნომერზე 20-ლარიანი ვაუჩერის ჩუქების სურვილი ხელმოწერით დაადასტუროს. შესაბამისი პირის ქვითარზე ეს თანხა ავტომატურად დაირიცხება.