უცხოეთი
აშშ რუსეთის ექსპანსიასთან მებრძოლი საქართველოს შეიარაღებას განაგრძობს! - მაიკ პომპეო

     საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. აშშ განაგრძობს რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლი საქართველოს შეიარაღებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მაიკ პომპეოს სიტყვაშია ნათქვამი, რომლითაც დღეს სენატში წარდგება.
„აშშ იარაღს აწვდის რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლ მამაც მამაკაცებს და ქალებს საქართველოსა და უკრაინაში“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს გამოსვლის ტექსტში, რომელიც სააგენტო Associated Press-მა გაავრცელა.
პომპეო დღეს კონგრესში გამოსვლისას განაცხადებს, რომ აშშ-ის რბილი პოლიტიკა რუსეთის მიმართ დასრულებულია.
„რუსეთი განაგრძობს აგრესიას და ეს აშშ-ის მრავალწლიანი რბილი პოლიტიკის დამსახურებაა. ახლა ეს პოლიტიკა დასრულდა“, – ნათქვამია პომპეოს სიტყვაში.
სენატში გამოსვლისას აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსი ჩამოთვლის იმ ნაბიჯებს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დგამს. მათ შორის არის „აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციები, დიპლომატების გაძევება, აშშ-ის სამხედრო პოტენციალის გაზრდა, ბირთვული არსენალის მოდერნიაზაცია და რუსეთის ექსპანსიასთან მებრძოლი საქართველოსა და უკრაინის შეიარაღება“.
„ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტ ტრამპის უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში რუსეთი სამართლიანად არის დასახელებული აშშ-ის მეტოქედ. რუსეთთან დიპლომატების სამუშაო იქნება რთული, თუმცა ისევე როგორც რუსეთთან წინა კონფრონტაციის დროს, ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს ტექსტში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მაიკ პომპეოს გამოსვლა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს თბილისის დროით 17:30 დაიწყება.

1tv.ge