საზოგადოება
მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი უნდა დატოვოს - პარლამენტარი

     საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს თანამდებობის დატოვებას ურჩევს.
ჭიჭინაძის თქმით, ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც უნდა იყოს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამტარებელი პარლამენტში, თვითონ არღვევს ამ ვერტიკალს.
თუ პარტიის თავმჯდომარეს უპირისპირდები, არ უნდა იყო იმ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტში. მგონი, ამაში ლოგიკა არსებობს. პრემიერმა თქვა, რომ პარტიაში გვაქვს დემოკრატია და ვეთანხმები. თუ არ მოსწონთ პრემიერ-მინისტრის განცხადებები, მათ შეუძლიათ დატოვონ თანამდებობა. მე მაგალითიც მოვიყვანე, რომ ზურაბ ჟვანიას არ მოსწონდა შევარდნაძედატოვა მისი გუნდი; ბურჯანაძეს არ მოსწონდა სააკაშვილის გუნდიდატოვა. ამიტომ არცერთი თანამდებობა არ აძლევს ადამიანს იმ ინდულგენციას, რომ გააკრიტიკოს პარტიის თავმჯდომარე“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილების შეფასებისას პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხული და არასასურველიც არის. მისი თქმით, აბსოლუტურად ბუნებრივია ის პროცესები, რომლებიც პარლამენტში მიმდინარეობს. ამასთან, პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ გედევან ფოფხაძე უმრავლესობას არ დატოვებდა.
იმავე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე. ამასთან, მისი თქმით, უმრავლესობის სამმა-ოთხმა დეპუტატმა შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს. ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე დეპუტატმა დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა და სულ მცირე, მათი გამონათქვამები კორექტული არ იყო. მდინარაძის თქმით, გედევან ფოფხაძემ ძალიან იჩქარა, როდესაც გააკეთა განცხადება.