პოლიტიკა
ქართულ ბაზარზე „გაზპრომ მედია“ შემოდის

     საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ქართულ ბაზარზე მედიაჰოლდინგი „გაზპრომ მედია“ შემოდის, რომელიც საქმიანობას ბრენდით NTV-PLUS გეგმავს. ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
კომპანიის პარტნიორი საქართველოში შპს „მედია ჯგუფი“ იქნება, რომლის წილებს დავით ნაკაშიძე და გულნარა ხეჩოშვილი ფლობენ. ეს კომპანია „გაზპრომ მედიასთან“ წინა წლებშიც თანამშრომლობდა, NTV-PLUS-ის არხების ექსკლუზიური დისტრიბუტორი იყო.
NTV-PLUS-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ საქართველოში შემოსვლა არ უკავშირდება მხოლოდ ბიზნეს ინტერესებს.
გეოგრაფიული ექსპანსია ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს შორისაა. საქართველო, რა თქმა უნდა, პერსპექტიული ბაზარია, მაგრამ მაუწყებლობის დაწყებას ჩვენ მხოლოდ ბიზნეს-ქეისად არ განვიხილავთ. ეს ჩვენთვის დიდწილად სოციალური მისიაც არის. მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ დსთ- ქვეყნების ბაზარზე შესვლასაც, სადაც ტექნიკურად შესაძლებელი იქნება NTV-PLUS-ის სიგნალის მიღება“, – აღნიშნა მიხაილ დიომინმა.
რუსული კომპანია ქართველი მაყურებლისთვის ორი პაკეტის შეთავაზებას გეგმავს. პირველში 50-მდე არხი შევა, მეორეში კი - 90-ზე მეტი. NTV-PLUS-ში ხაზს უსვამენ გარემოებას, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილში სატელევიზიო სიგნალის მიღება მხოლოდ სატელიტის მეშვეობითაა შესაძლებელი.