საზოგადოება
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართება

     საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. თბილისის მერი კახ კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა თხოვნით მიმართა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, რომ მატჩის ორგანიზება კვირის ბოლოსთვის მოხერხდეს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, რაც მოხდა, ცუდი სანახავი იყო, ქართველებს არ სჩვევიათ ასეთი მიდგომები და კარგი იქნება, თუ ინციდენტი დავიწყებას მიეცემა.
მინდა, შევეხო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ბელიაშვილის ქუჩაზე. მგონი, არავის არ მოეწონა ის, რაც მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არის ყველაზე ტოლერანტული ქალაქი და ამას არ ჩამითვლით გადამეტებულად, ამის მაგალითები არსებობს. რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთ მიდგომები. მინდა, ვთხოვო ლევან კობიაშვილს, თუ არის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის. ვისაც სურვილი გვაქვს, ჩავერთოთ ამ თამაშში. ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ცუდი ლაქა დავიწყებას მიეცეს”, – განაცხადა კახი კალაძემ.
8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.
სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126- მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.