სამართალი
შსს - ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე დაკითხულია 20-მდე პირი, გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც

     საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს შსს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
შსს-ს ცნობით, მუხლის კვალიფიკაციის საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გადაიხედება, რაც გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სრული სურათი ექნება.
ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126- მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკვე დაკითხულია 20-მდე პირი, მათ შორის, კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც.
მუხლის კვალიფიკაციის საკითხი გადაიხედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება დასრულდება და გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სრული სურათი ექნება“, – აცხადებენ შსს-ში.