პოლიტიკა
„დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას“ - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სააღდგომო მიმართვა მრევლს (ფრაგმენტი)

     საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ეპარქიის მრევლისადმი სააღდგომო მიმართვას ავრცელებს.
“…როცა საფრთხეებზე ვსაუბრობთ, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შიდა და გარე საფრთხეები, რადგან თუ გარე საფრთხეებს ობიექტური მიზეზები აქვს, შიდა საფრთხეებს სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა შიდა და გარე საფრთხეები ერთად იყრის თავს, რაც კიდევ უფრო ართულებს ხოლმე მდგომარეობას. გასულ წელს განვითარებული მოვლენების ჩვენეულმა ანალიზმა დაგვანახა, რომ ასეთი გამონაკლისების რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე.
და რადგან ეს საქმე ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ, ჩვენი ვარაუდით, ხსენებული სასულიერო პირი სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას; სამწუხაროდ, არ არის ბოლომდე მიყვანილი შესწავლა-გამოკვლევა იმ საქმისა, რომელმაც 2017 წლის თებერვალში (გერმანიაში მკურნალობისას) საფრთხე შეუქმნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლეს, და ვფიქრობთ, რომ მიზანი ამ ვერგანხორციელებული ვერაგული ჩანაფიქრისა კიდევ უფრო შორს მიდიოდა და, სავარაუდოდ, გულისხმობდა საქართველოს ეკლესიის მმართველობაში არსებული კონფიგურაციის შეცვლას.
სწორედ იმიტომ, რომ დღემდე არავინ არის ამ საქმეში გამოვლენილი, მიგვაჩნია, რომ საფრთხე კვლავ არსებობს!!! მისი პირობითი სახელია შეთქმულება საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ.
შესაბამისად, ეკლესიის დღეს არსებული ავტორიტეტისა და მისი რეალური გავლენების გათვალისწინებით, საფრთხეშია ქვეყნის მომავალიც. გავიმეორებთ, ამ დასკვნამდე მიგვიყვანა მოვლენების ჩვენეულმა აღქმამ”, - ნათქვამია, კერძოდ, მიმართვაში.