სამართალი
სოხუმის კვალდაკვალ ცხინვალი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე უარს აცხადებს

     საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს განცხადების კვალდაკვალ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობაც უარყოფს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომლის მიზანი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის და დანარჩენი საქართველოს მაცხოვრებლებს შორის ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების გაფართოებაა.
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა და მას „კიდევ ერთი პიარ ქმედება“ და „მოუქნელი მცდელობა“ უწოდა, რათა საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში წარმოჩინდეს, როგორც „მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო კონსტრუქციული ხელმძღვანელობით“.
ცხინვალის ხელისუფლებამ თბილისი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ცდუნების“ მცდელობაში დაადანაშაულა და ინიციატივას „ილუზორული და არარეალისტური“ უწოდა. „ეს არ არის თბილისის პირველი მცდელობა, როდესაც ის სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. ამიტომ არ ღირს ამგვარი განცხადებების სერიოზულად მიღება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცხინვალის ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთადერთი გზა უკეთესობისკენ იქნებოდა იურიდიულად სავალდებულო ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერა, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის და სამხრეთ ოსეთის ერის გენოციდის აღიარება“. „მხოლოდ ეს გადაწყვეტილებები შეუწყობს ხელს სახელმწიფოთაშორის დიალოგს და თანამშრომლობას სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.